მამუკა ბახტაძე: ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთობლივად შემუშავებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება
ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთობლივად შემუშავებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა პირველი აპრილიდან ამოქმედდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ფინანსებზე, იაფ ფულზე წვდომა არის ერთერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც მცირე მეწარმეებს აქვთ.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველი აპრილიდან ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლონ.
,,ეს არის მართლაც უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი. ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბის დამარცხება მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე არის წარმოუდგენელი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ