თამარ ტალიაშვილი ოპოზიციას მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით პასუხობს
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მარინა დათუკიშვილის სხდომაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა, სადაც დათუკიშვილმა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგინა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თუ ადრე საქმე ეხებოდა ტყუილების ტირაჟირებას “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ახლა ისინი ამ ტყუილების ფორსირებას ახდენენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ათასობით ბავშვს, თქვენ მაინც სპეკულირებთ ამ თემით და სტრესულ მდგომარეობაში აგდებთ სასახლის ათასობით მოსწავლესა და მათ ოჯახებს”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია თბილისისთვის. შესაბამისად, მისი აღდგენა-რეკონსტრუქცია 2019 წლის პრიორიტეტული პროექტია, რისთვისაც ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კულტურულ მემკვიდრეობასთან შემხებლობას – მან ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღადგინა. რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, ფიროსმანის ნახატების ჩვენი ქვეყნისთვის ჩუქება და სხვა მრავალი”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.