თამარ ჩუგოშვილმა AEPJ-ის გენერალური ასამბლეის სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალური ასამბლეის სხდომის გახსნას დაესწრო, რომელიც „ისრაელის სახლის” ორგანიზებით გაიმართა.
სხდომა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ღონისძიებებით დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს AEPJ-სა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის 35-მდე წარმომადგენელი და ისრაელის ქნესეთის ვიცესპიკერი, ხილიკ ბარი ეწვივნენ.
„საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა და ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი ერთ-ერთი ინსტრუმენტია ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან ურთიერთობაში”, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა, როგორც ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მადლობა გადაუხადა თავის ისრაელელ კოლეგას, ქნესეთის ვიცესპიკერს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ხილიკ ბარს აქტიური თანამშრომლობისთვის. მისივე თქმით, „ისრაელის სახლის” აქტივობებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში.
აღსანიშნია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის გენერალური ასამბლეისა და კოორდინატორების შეხვედრას.
სამინისტროს, როგორც ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს აქტიური ჩართულობით, საქართველოს მხარე უკვე თანამშრომლობს ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ რამდენიმე კულტურულ მარშრუტთან, როგორიცაა: „ღვინის მარშრუტი” (ITER VITIS), „ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი” (THE EUROPEAN ROUTE OF JEWISH HERITAGE), „ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი” (EUROPEAN ROUTE OF HISTORICAL THERMAL TOWNS და „პრეისტორიული კლდის ხელოვნება” (PREHISTORIC ROCK ART TRAILS).
საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის სერტიფიცირებული მარშრუტის ამოქმედება კარგი ინსტრუმენტია, რომ ისრაელელებმა და მსოფლიო ებრაელობამ კიდევ უფრო უკეთესად გაიცნონ საქართველო. ყოფილ საბჭოთა სივრცეში, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია თანამედროვე ისრაელის ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებში, როგორიცაა დიდი ალია და მსოფლიო ებრაული სააგენტოს (სოხნუთის) კავშირში. ორივე შემთხვევაში, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც კარგი გაუღო ალიასა და ებრაულ სააგენტოს (JEWISH AGENCY) სოხნუთს.
ხვალ, 29 მარტს, საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალური ასამბლეის ბორდის წევრებს, სადაც გაიმართება ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრ დეპუტატებთან შეხვედრა მიღების ფორმატში.