ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებმა ტანკერი გაიტაცეს
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებმა თურქული ნავთობის ტანკერი გაიტაცეს. მალტის სანაპირო დაცვის სამსახურმა გატაცებული ხომალდი უკვე დააკავა.
გუშინ, თურქული ნავთობის ტანკერის ეკიპაჟმა ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე ნავზე მყოფი მიგრანტები გადაარჩინა. გადარჩენილმა მიგრანტებმა გემი გაიტაცეს და ევროპაში, კერძოდ კი მალტაში ჩასვლას შეეცადნენ.
როგორც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი იუწყება, გემზე 120 მიგრანტია. სალვინიმ მომხდარს „მეკობრეობა“ უწოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიისა და მალტის მთავრობებმა განაცხადეს, რომ გატაცებულ გემს თავიანთ ნავსადგურებში არ შეუშვებენ.
ეკიპაჟის წევრებსა და მიგრანტებს შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.