“Singapore Airlines”-ის თვითმფრინავი, ბომბზე შეტყობინების გამო, საგანგებოდ დაეშვა
ავიაკომპანია “Singapore Airlines”-ის ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების გამო, ლაინერმა, სინგაპურის საჰაერო ძალების თანხლებით, ადგილობრივ აეროპორტში საგანგებო დაშვება გაახორციელა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, მუმბაის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, “Singapore Airlines”-ის ავიაკომპანიაში უცნობმა პირმა დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ბომბია. მუქარა ყალბი აღმოჩნდა. თვითმფრინავი რეისს მუმბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 263 მგზავრი იმყოფებოდა. ის ჩანგის აეროპორტში წარმატებით დაეშვა.