იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, წელს, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საუკეთესო ბიზნესიდეის მქონე ყოფილი პატიმრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკურსის წესით შეირჩნენ. მათივე ცნობით, მათზე გაცემული თანხის რაოდენობა (2000-დან 5 ათას ლარამდე) ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული.
„ყოფილი პატიმრები საკუთარი იდეის გახორციელებას სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ, რომელთა შორისაა სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვა. საგრანტო კონკურსში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები მონაწილეობენ. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს სამეგრელოს რეგიონში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ლადო ჯავახიშვილი და პროექტის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ლადო ჯავახიშვილმა ყოფილ პატიმრებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 13 ბენეფიციარი, იმერეთი – 4, აჭარა – 2, კახეთი – 2, შიდა ქართლი – 4, ქვემო ქართლი – 1, მცხეთა-მთიანეთი – 2, თბილისი-6.
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროექტს ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის 2013 წლიდან ახორციელებს. საკუთარი ბიზნესის წამოწყება ყოფილ პატიმრებს, ეკონომიკურთან ერთად, ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარება, მინიმუმამდე ამცირებს გამეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს, უსაფრთხო გარემოს წინაპირობაცაა. საგრანტო პროგრამას მონიტორინგს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” უწევს.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საგრანტო პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა” 2013 წლიდან ხორციელდება და, ჯამურად, 142 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეები უკვე დაფინანსებულია. წლების განმავლობაში, ყოფილმა პატიმრებმა, პროექტის ფარგლებში, არაერთი წარმატებული იდეა გაახორციელეს: გიორგი წულაიამ მეფუტკრეობის მიმართულებით საკუთარი ბიზნესსაქმიანობა გააფართოვა; გოგიტა ლექვინაძემ მცირე საოჯახო ბიზნესისათვის მრავალფუნქციური საკერავი მანქანა შეიძინა; გელა ერზიკიანმა ხის სოკოს სათბური აამუშავა; ქვის ოსტატმა ჯანდრიკო ჭითანავამ ინტერიერისა და ეზოების კეთილმოწყობისთვის საჭირო დეკორაციების დასამზადებელი ელექტროდანადგარი შეიძინა; ზვიად კვარაცხელიამ პურ-ფუნთუშეულის წარმოებისთვის საცხობი გახსნა; ეფრემ სიჭინავამ საკუთარ ეზოში სასათბურე მეურნეობა მოაწყო; უჩა ყურმაშვილმა სილამაზის სალონისთვის საჭირო ინვენტარი და ელექტრო ტექნიკა შეიძინა; თამაზ დადიანმა საოჯახო მეცხოველეობის მეურნეობა გააძლიერა და წარმატებით აწარმოებს რძის პროდუქტებს. ამ წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო თანხას ყოველწლიურად გასცემს და, შესაბამისად, უფრო მეტ ყოფილ პატიმარს ეძლევა შესაძლებლობა, წამოიწყოს საკუთარი მცირე ბიზნესი“,-აცხადებენ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრში“.
ცნობისთვის, ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი იმ ყოფილ პატიმრებზე ზრუნვაა, რომლებიც პრობაციის სერვისების მიღმა არიან და სახელმწიფოს მხრიდან რესოციალიზაციის მიზნებისთვის მხარდაჭერას ვერ იღებდნენ. აღსანიშნავია, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ შექმნილი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოფილი პატიმრების დახმარების და მათზე ზრუნვის პირველი პრეცედენტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები