“ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა”

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატოს გენმდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე, ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.
შესაბამისი განცხადება მამუკა ბახტაძემ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება ეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევაში. „შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესი. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რა თქმა უნდა, გულისხმობს ბევრი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმის გატარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება ეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევაში. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის საკითხები და გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას. „ განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას – იმ ძალიან მტკივნეულ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ამ ტერიტორიაზე, ყველა მიმართულებით, მათ შორის – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო და, ამავე დროს, განვიხილეთ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. როგორც ბახტაძემ განმარტა, ძალიან სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე. მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასაც. „შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა, აგრეთვე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ეს გახლდათ ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით და ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფროდაუფრო პრიორიტეტული ხდება ნატოსთვის. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში და, ამავე დროს, დავსახეთ თანამშრომლობის პერსპექტივები. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის. ბატონი სტოლტენგერგი არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მსურს, მას მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრობისთვის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები