სოფო კილაძე: ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იუსტიციის სფეროში იმისთვის, რომ მრავალი მიმართულება განვითარებულიყო და გაუმჯობესებულიყო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა” დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეზე” საუბრით დაიწყო.
„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და, რაც შეიძლება, მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ადამიანების, განსაკუთრებით – ბავშვების, სრული თანასწორობა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
​მან, ასევე, მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტის დღე მიულოცა.
„ვულოცავ ამ დღეს, ვუსურვებ წარმატებებს, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას. ასევე, ვუსურვებ, რომ წვლილი შეიტანონ ქართული დემოკრატიის განვითარებაში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ამასთან, სოფო კილაძემ პარლამენტის წინაშე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელი მოხსენებაც შეაფასა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების სტატისტიკური მონაცემებით მტკიცდება, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
კილაძის თქმით, თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი ციფრები და ზოგადი ფონი მას საშუალებას აძლევს, იფიქროს, რომ საქართველო დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების ძალიან სწორ გზაზე დგას.
„მინისტრის გამოსვლაში მრავალი მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა. “ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იუსტიციის სფეროში იმისთვის, რომ მრავალი მიმართულება განვითარებულიყო და გაუმჯობესებულიყო. განსაკუთრებით, გამოვყოფდი სტრასბურგის სასამართლოს საკითხს”. მინისტრმა, გუშინ, წარმოადგინა ფაქტები: 70 გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიიღო სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ 1 არის იმ პერიოდიდან, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ეს საკითხი არის ივანე მერაბიშვილის საქმე საქართველოს წინააღმდეგ. თუ 2011 წელს საქართველოდან წასული იყო 400-მდე საქმე, 2018 წელს ეს რიცხვი 99-მდე შემცირდა. ეს არის პირდაპირი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის საგრძნობლად გაუმჯობესებული. ეს არის ციფრები, რომელსაც ვერავინ გაექცევა და რაც არ უნდა ამტკიცონ ჩვენმა ოპონენტებმა. იმედია, ისინი არ დაიწყებენ საუბარს, რომ არ ენდობიან სტრასბურგს და მის გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარე გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას მიერ დასმულ კითხვას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, 2009-10 წლებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაშინდელ იუსტიციის მინისტრს სასამართლო დავა წაეგო. ახლა კი, სასამართლოს დამოუკიდებლობის პირობებში ეს სავსებით შესაძლებელია, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
„2009, ან 2010 წელს, ვერავინ იფიქრებდა, რომ მაშინდელი იუსტიციის მინისტრი, ადეიშვილი, მოქალაქის წინააღმდეგ 3 ინსტანციაში საქმეს წააგებდა. “ქართული ოცნების” პირობებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. შეიძლება, წააგო საქმე სხვა მინისტრმა, პარლამენტის წევრმა, პრემიერმინისტრმაც კი და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. სამწუხაროდ, ის სასამართლო, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, დღეს არის გარკვეული ჯგუფების მხრიდან შავი პიარის სამიზნე, რაც არ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პირიქით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სოფო კილაძემ ყურადღება არასრულწლოვანი ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულების კუთხით მთავრობის მიერ შემუშავებულ ინიციატივაზე გაამახვილა, რომელიც, მისივე თქმით, მალე პარლამენტში შემოვა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ასევე, მნიშვნელოვანია მედიაცია, რომელიც სასამართლოების განტვირთვას შეუწყობს ხელს და დავები უფრო სწრაფად და უფრო ხარისხიანად გადაწყდება“, – განაცხადა სოფო კილაძემ და წარმატება უსურვა იუსტიციის სამინისტროს რეფორმების გახორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები