მოუწევთ თუ არა მშობლებს სახელმძღვანელოებში ფულის გადახდა?

მოუწევთ თუ არა მშობლებს სახელმძღვანელოებში ფულის გადახდა – პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი სერგო რატიანი განათლების სამინისტროს აკრიტიკებს. საუბარია მინისტრ სანიკიძის მიერ 2013 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებულ ბრძანებაზე, რომელიც მშობლებისთვის გადაცემული სასწავლო ლიტერატურის მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს ითვალისწინებს. როგორც რატიანი აცხადებს, წიგნის უმაღლესი შეფასება 15 ქულაა და, თუკი პედაგოგი წლის ბოლოს წიგნის მდგომარეობას 12, ან ნაკლები ქულით შეაფასებს, მშობლებს თანხის გადახდა მოუწევთ. რატიანი მინისტრის ბრძანებისა და დაწესებული კრიტერიუმების შეცვლას ითხოვს.
“საკმაოდ ბუნდოვანი ბრძანებაა, განათლების მინისტრს მოვუწოდებ, რომ ბრძანებაში ცვლილება შეიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი გაუგებრობები შეიქნება“, -აცხადებს რატიანი.
სერგო რატიანს უპასუხა განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. როგორც გიგაური აცხადებს, თუ მოსწავლის მიერ სკოლაში დაბრუნებული სახელმძღვანელო ნორმალური ცვეთის ფარგლებშია, ასეთ შემთხვევაში მოსწავლე არანაირი სახის ანაზღაურებას არ იხდის.
“ანაზღაურებაზე საუბარი არასოდეს ყოფილა, პირიქით, მთელი პროგრამა ორიენტირებულია, რომ ოჯახებს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ტვირთი შევუმსუბუქოთ. როგორ წარმოუდგენია ამ განცხადების გამკეთებელს ის, რომ ასეთი ჰუმანური პროგრამის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაწესდეს. ხელშეკრულებაში საუბარი იყო საკუთარი შვილისათვის სახელმძღვანელოს ჩანაცვლებაზე“, -განაცხადა ლია გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები