„როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო“ – საჯარო ლექცია გაიმართება
21 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში, პროფესორი მურმან მარგველაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დაკვირვებული თვალი ადვილად დაინახავს, რომ ჩვენ სისტემებში ვცხოვრობთ. ჩვენი სხეული, კლასი, ფეხბურთის გუნდი, დედამიწის ატმოსფერო, უნივერსიტეტი, ბინის გათბობის სისტემა, ტყე… სისტემებია, რომლებიც, მათი სტრუქტურიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირად იქცევიან.
მომხსენებელი განიხილავს რამდენიმე უმარტივესი სისტემის ტიპურ ყოფაქცევას და ეცდება ასეთი სისტემების ამოცნობას ჩვენ გარშემო, ყოველდღიურ ცხოვრებაში. სისტემებით აზროვნება ადამიანებს ეხმარება, უფრო სრულყოფილი ხედვა ჩამოიყალიბონ ბუნების, პოლიტიკის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში და გარშემო ცოტათი მეტი დაინახონ, ვიდრე აქამდე ხედავდნენ.
მომხსენებლის შესახებ
მურმან მარგველაშვილი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ენერგეტიკული კვლევების დირექტორი და საერთაშორისო კონსულტანტია.
განათლებით ფიზიკოს-თეორეტიკოსი, 2080-2095 წლებში, მუშაობდა მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო გამოცემებში. 1995 წლიდან, მონაწილეობდა ენერგეტიკის სექტორის ინფრასტრუქტურულ, ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და კომერციალიზაციის პროექტებში. 2007 წლიდან, ანალიტიკური ცენტრის WEG დირექტორია და ხელმძღვანელობს ენერგეტიკულ კვლევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადი ენერგეტიკის განვითარების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ანალიტიკური სტატია და ანგარიში.
როგორც საერთაშორისო ექსპერტი და კონსულტანტი, მონაწილეობს ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების პროექტებში საქართველოში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
2016 წლიდან, ჩამოაყალიბა და ავითარებს მდგრადი ენერგეტიკის მართვის სამაგისტრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს ენერგეტიკული სისტემების, ენერგეტიკული პოლიტიკის, მდგადი განვითარებისა და სისტემური ხედვების მიმართულებით. ავითარებს სისტემებით აზროვნების მიმართულებასა და მის გამოყენებას საჯარო პოლიტიკის პრაქტიკულ საკითხებში.