დიმიტრი გვრიტიშვილი: ანა დოლიძე თანდათან კარგავს სახესა და თვითკონტროლს

0

„ანა დოლიძე თანდათან კარგავს სახესა და თვითკონტროლს“, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან მურუსიძის შესახებ გააკეთა.
დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძეს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს საჯარო მოსამსახურის ეთიკის სისტემური დარღვევა, სასამართლოს რეპუტაციის დაკნინება და მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება.
დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ანა დოლიძის განცხადებებს აკრიტიკებს. „არაერთხელ მითქვამს: მისი მოწოდება არასდროს ყოფილა სასამართლო ხელისუფლების ნაწილად ქცევა. ის ყოველთვის იყო პოლიტიკოსი, მართალია – დიდი გაქანებისაც არა, მაგრამ მაინც ცდილობდა პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას. ახლაც აგრძელებს იაფფასიან, ავანტიურისტულ კამპანიას. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების, მოსამართლეების ლანძღვაზე აღარ მაქვს საუბარი – არაერთგზის დამიწერია და აღარ გავიმეორებ. თავს ესხმის ყველას – პოლიტიკოსებიდან დაწყებული სპორტული სამყაროს წარმომადგენლებით დამთავრებული. ხან პარლამენტის თავმჯდომარეს გალანძღავს, ხან მმართველი პარტიის პოლიტიკას აკრიტიკებს, ხანაც მსჯელობს – უნდა ჰქონდეს თუ არა ,,გლოვოს“ ქალაქში პიცის ერთპიროვნულად ტარების უფლება. ერთი სიტყვით, ანა დოლიძე ნემსის ყუნწში ძვრება – როგორმე აქტუალობა არ დაკარგოს მისმა პერსონამ. ყველას, ყოველდღიურად, თვალში ეჩხირება. ამას წინათ, წინ წამოვიდა თემა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად კენჭისყრის შესახებ. ეს არის ფარსი: თვითონაც კარგად იცის, რომ არაფერი გამოუვა. რამდენიმე ათეულ ხმას თუ მიიღებს და თავს კიდევ ერთხელ შეირცხვენს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ არც კი დააყენებს თავის კანდიდატურას: საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატად რეგისტრაციისთანავე მას უნდა შეუწყდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი, ეს კი მისთვის მიუღებელია: საბჭოს წევრის სავარძელი ანა დოლიძისათვის უაღრესად კომფორტულია – როცა სურს, მაშინ ესწრება სხდომებს. სხვა დღეებში საერთოდ არ იმყოფება საბჭოში. ასევე, უგულებელყოფს სამუშაო შეხვედრებსა და ყველა იმ ღონისძიებას, სადაც სასამართლო, შეიძლება, პოზიტიურად წარმოჩინდეს. ცუდი ის არის, რომ ეს სუბიექტი ცდილობს, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის გზით მოიპოვოს რაღაც პოლიტიკური წონა. დღეს განაცხადა: ლევან მურუსიძის უზენაეს სასამართლოში გადასვლა ,,დიდ პოლიტიკურ ფასად“ დაუჯდება ხელისუფლებასო. რა შუაშია ლევან მურუსიძე ამ პროცესთან? ჯერ ერთი, იგი არ ყოფილა 10 მოსამართლისგან შემდგარ სიაში; მეორეც, მან ცალსახად გამორიცხა საკუთარი კანდიდატურის წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ! ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ მისი ქმედებები, განცხადებები, არის პროვოკაციული, ზერელე დამოკიდებულებით გაჯერებული კამპანიის ნაწილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეწყვიტოს საჯარო მოსამსახურის ეთიკის სისტემური დარღვევა, სასამართლოს რეპუტაციის დაკნინება და მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება“, – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი