გიორგი ცუცქირიძე: „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერია, თუ არა შეტევაზე სწრაფად გადასვლის მცდელობა

0

„ანაკლიის პორტის ინტრიგა გამბიტის ნიშნებით!?“ – ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ანალიტიკურ წერილს აქვეყნებს. გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას.

„დღეს ის, რაც ანაკლიის პორტის ირგვლივ ვითარდება, თავისებური პოლიტიკური გამბიტის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოგეხსენებათ, გამბიტი საჭადრაკო პარტიის ისეთი დასაწყისია, როდესაც საჭადრაკო დაფაზე თეთრები სწირავენ ფიგურას, ან პაიკს შეტევაზე სწრაფად გადასვლისა და, ბუნებრივია, პარტიის მოგების მიზნით;

ამ კონტექსტში, საინტერესოდ ჯდება ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებებიც – ხელშეკრულების პირობები თავიდანვე იყო კაბალური და, გამომდინარე პროექტის მნიშვნელობიდან, ისინი რისკზეც კი წავიდნენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერისას და დღემდე ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულეს; სამაგიეროდ, სრულიად უსაფუძვლოდ ხდება კონსორციუმის „გაშავება“, რომლის მიზანია ბატონი ხაზარაძის ამ პროექტიდანაც ჩამოცილება. ამავდროულად, თავად ბატონი ხაზარაძე აცხადებს, რომ ბანკიდან ჩამოცილების გადაწყვეტილება თავად მიიღო ბანკის გადასარჩენად, ხოლო რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს – მისი გაწევა ასე მარტივად ვერ მოხდება და ის ბოლომდე იბრძოლებს…

მართალია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში „თი-ბი-სი ჯგუფს“ აქაც მამუკა ხაზარაძე წარმოადგენს; მაგრამ ჩვენ ვიგებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ წარმოდგენილია 4 ინვესტორი, მათ შორის – ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ისეთივე თანაბარი წილით, როგორც არის წარმოდგენილი „თი-ბი-სი ჯგუფი“ და, აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტის თემის ხაზარაძესთან მიბმაც ამ სტრატეგიის ნაწილად მოჩანს…

ნიშანდობლივია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ის მოდელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იქნა შეთავაზებული,  აგებულია კომერციული ოპერატორის მოდელზე, სადაც კერძო კონსორციუმი გაახორციელებდა ამ პროექტს და სახელმწიფო არ აპირებდა ამ პროექტში ფინანსურ მონაწილეობას. იმ დროს, როდესაც კაბალურ პირობებზეა ლაპარაკი, სინამდვილეში, კონკურსი გამოცხადებული იყო იმ პირობით, რომ სახელმწიფოს არავითარი ფინანსური მონაწილეობა უნდა ჰქონოდა ამ პროექტში, გარდა  – მიწების გადაცემისა და გზის და რკინიგზის მიყვანისა.

ჩვენ, ასევე, ვიგებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან 60 მილიონი ლარი დაიხარჯა იმ მიწების გამოსყიდვაზე, რომელიც შემდგომში უკვე გადაეცა კონსორციუმს. თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც, ძირითადად, “თი-ბი-სი” ჯგუფით იყო წარმოდგენილი, მთლიანად დაეთანხმა ამ პირობებს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ, გამარჯვებულად გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, კონსორციუმმა მიმართა მთავრობას, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა სრული დაფინანსების მოძიებას და, ამიტომ, საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პროექტში დამატებითი მონაწილეობა. სწორედ ამ მიმართვის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ „საპარტნიორო ფონდი“, ასევე, სახელმწიფოს, ანუ ბიუჯეტის დაფინანსებით, ამ პროექტში შევიდოდა დამატებითი 100 მილიონი დოლარის ოდენობით. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც კონკურსი ერთი პირობით ცხადდება და არის გამარჯვებული, ხოლო შემდეგ პირობები იცვლება, უმეტეს შემთხვევაში, ხდება დაბრუნება და კონკურსის თავიდან გამოცხადება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ, კონსორციუმის განცხადებით, პროექტის დაახლოებით 60% არის შესრულებული, ანუ 2018 წელს – ფინანსური დახურვის დასრულებამდე, მისმა აქციონერებმა სამშენებლო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით დაიწყეს. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს გახორციელებული. მაგრამ, თავდაპირველი ხელშეკრულებით, უკვე 2017 წლის ბოლოს, უნდა მომხდარიყო სრული დაფინანსების მოძიება, ამ ვადამ ჯერ 2018 წლის ბოლოს და ახლა უკვე ამ წლის მარტის ბოლოსთვის გადაიწია. აქედან ცხადად ჩანს, რომ კონსორციუმს პრობლემები, აღებულ ვალდებულებებთან მიმართებით, წარმოექმნა, ჯერ კიდევ 2017- 2018-წლებში, ხაზარაძის თემის ამოწევამდა. დიდ ბოდიში კონსორციუმთან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტში კიდევ უფრო მოცულობითია!.

ჩვენ, ასევე, ვიგებთ, რომ კონსორციუმს შემოთავაზებული აქვს არა უმსხვილესი მსოფლიო გრანდის „ესესეი მარინის“ შემოსვლა პროექტში, რომელიც 250 პორტის ოპერატორია, რაც თავიდან იყო განცხადებული, არამედ –  „ესესეი ინტერნეიშენალის“ რომელიც ბევრად მცირე ზომის კომპანიაა და, რაც მთავარია, კომპანია ამ პროექტში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 5 ამერიკელი თანამშრომლით!!!.

საერთაშორისო აღიარებული პრაქტიკაა, რომ როდესაც სახელმწიფო თავად არ მონაწილეობს ამ ტიპის მსხვილ პროექტებში, კომერციულ მხარეს უზრუნველყოფს კერძო ოპერატორი და, შესაბამისად, ინვესტორის შემოყვანის მიზანიც სწორედ დაფინანსების მოძიებაა, რამაც უნდა უზრუნველყოს პორტის ოპერირება, მათ შორის – ტვირთების მოზიდვა და პორტის შემდგომი განვითარება;

დღეს, კონსორციუმის მხრიდან საერთაშორისო ბანკების თემის აწევაც ზემოთ ნახსენებ კითხვებს აჩენს, რადგან, როგორც ირკვევა, ამ პროექტში სტრატეგიული ინვესტორისა და არცერთი გადამზიდავი ხაზის არმონაწილეობის გამო, კომერციული რისკები, ანუ ტრაფიკის რისკები არ ყოფილა დაზღვეული, რის გამოც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა (EBRD, AIIB, ADB, OPIC) საჭიროდ მიიჩნიეს, რომ სახელმწიფომ მისცეს ეს გარანტია, მათ მიერ გამოყოფილი 400 მილიონის საინვესტიციო ვალდებულებებზე“. ეს პირობები კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს და, რაც ნიშანდობლივია, პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებასა და სხვა ცვლილებების შეტანას“, მათ შორის – კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევასაც, რაც არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი!!!

მიმაჩნია, რომ ამ ახალი პირობების წამოყენება ულტიმატუმისა და თავისებური შანტაჟის ელემენტსაც კი ატარებს, რადგან არის აბსოლუტურად სულ სხვა მოდელი, სადაც კონსორციუმი მთლიანად იხსნის კომერციულ რისკებს, ვიდრე თავიდან იყო საკონკურსო პირობებში გათვალისწინებული. აქ ნაკლებად გამოდგება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ბოლო განცხადებაში ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მაგალითად მოყვანაც, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ხელშეკრულებაში აქამდეც შევიდა ცვლილებები როგორც კონსორციუმის(16 ცვლილება), ასევე – მთავრობის მოთხოვნით(13 ცვლილება); აქ, პირიქით, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყო დაინტერესებული ამ პროექტის გახორციელებით;

თუ ამ მოთხოვნათა შემდგომ ქრონომეტრაჟს მივყვებით, ასე კონკურს, რეზო ჭეიშვილის ცნობილი მოთხრობის გმირისა არ იყოს, შალიკოც მოიგებდა, ხვინგიაძე!

თუ სახელმწიფოს უნდა აეღო თავის თავზე ფინანსური და კომერციული რისკებიც, მაშინ, ამავე ლოგიკით, სახელმწიფო ან თავიდანვე კონკურს სულ სხვა პირობებით გამოაცხადებდა, ან სულაც თავად იქნებოდა ჩართული ამ პროცესში, თუნდაც –  საპარტნიორო ფონდის ეგიდით;

დარწმუნებული ვარ, არც ამ საერთაშორისო ბანკებთან იქნებოდა პრობლემა, რადგან ისინი ისედაც წარმატებით აფინანსებენ მნიშვნელოვან პროექტებს, თუნდაც – სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით.

მიმაჩნია, რომ მთავარი ინტრიგა ეს არის და კვანძიც აქ იხსნება. დროის სიმცირიდან გამომდინარე, თუ სახელმწიფო არ დათანხმდება ამ ცვლილებების შეტანას ხელშეკრულებაში, მაშინ პროექტის შესაძლო გაჩერება სახელმწიფოს დაჰბრალდება. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ამ სცენარში კუდიანებზე დევნის და ე.წ. რუსული კვალის აფიშირებით, მაქსიმალურად იქნება ჩართული ოპოზიციური ელემენტი, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და მედია პლატფორმა.

სამწუხაროდ, 17 მილიონის საქმის მსგავსად, კითხვის ნიშნები აქაც ბევრია. ფულის სესხებით ამ თანხის ბანკის კაპიტალში შეტანა არ არის დანაშაული, მაგრამ სესხის გაცემისა და შემდეგ მისი ჩამოწერის ბანკის მხრიდან გახორციელებული პროცედურა, არის საზედამხედველო მარეგულირებელი ნორმების დარღვევა და ადმინისტრაციული დანაშაული, რასაც თი ბი სი ბანკიც დაეთანხმა და გადაიხადა ჯარიმა მილიონის სახით;

დღეს, ამ საკითხის განხილვისას, რატომღაც, 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზეა ხაზგასმა და შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ამ ოპერაციის კვლავ საეჭვოდ „გაცოცხლება“ და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა ხუთი წლის შემდეგ, 2012 წელს, ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც თავის მხრივ წარმოიშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება და, ბუნებრივია, დამატებითი კითხვებიც აქ ჩნდება. რაც მთავარია, კვლავ არ მიგვიღია პასუხი კითხვაზე – ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი აქვს თუ არა?!, თუ გავითვალისწინებთ, რომ, 2007-2008 წლებში, ამ სესხის ჩამოწერის შედეგად, ბანკი ზარალზე გავიდა, სულ მცირე, სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის (გადასახადების შემცირება ან სულაც დამალვა) ანუ ფინანსური თაღლითობის სუნი ასდის!!!

ცნობილი „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერია, თუ არა შეტევაზე გადასვლის მცდელობა და შეიძლება, შეფასდეს, როგორც ვაჭრობა და შანტაჟი დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადაფარვისათვის;

ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ ეს შემთხვევაც როგორღაც ჰგავს იმ 17 მილიონის საქმეს, რასაც ხაზარაძეს პროკურატურა ედავება „ფულის გათეთრების“ სქემისათვის, როდესაც ხაზარაძემ და კომპანიამ, ერთი პატივცემული ექსპერტის შეფასებისა არ იყოს, ამ ტრანზაქციით, უბრალოდ, „ფული მოტეხა“.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი და პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის წარმატებით დასრულება, მით უმეტეს, რომ ანაკლიის პორტი წარმოდგენილია ტრანსევროპული საინვესტიციო და სატრანსპორტო ქსელების პროექტებში, რაც ადასტურებს ხელისუფლების ნებას პროექტის უპირობო მხარდაჭერაზე და მთლიანად გამორიცხავს სხვა გარე, მათ შორის – რუსულ ფაქტორსაც!. ყველაზე კარგი კონტრგამბიტიც ეს იქნება!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი