ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის უმწვავესი “რეაქცია” ზურაბიშვილ-გრიგოლიას ინტერვიუზე

0

ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქე ხელოვნებისა და კულტურის დარგში, კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი, ჟურნალისტი, მაია იორელი -სასწრაფოშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ინგა გრიგოლიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.
მან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებზე “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მიუთითა და მკაცრად გააკრიტიკა ჟურნალისტის დამოკიდებულება რესპონდენტისადმი.
“არ ვიცი, კარგი პრეზიდენტი გვყავს თუ ცუდი; არ ვიცი, ჩვენი ქვეყნისთვის რა სასიკეთო კურსს აიღებს პრეზიდენტი, რას გვავნებს და რას გვარგებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში გაქრა ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა, პატივისცემა, პროფესიონალიზმი, ქცევის ეტიკეტი და ა.შ. ოდითგანვე მისაღები და პატივსაცემი იყო თუნდაც წაგებული, მაგრამ ღირსეული ადამიანი; ადამიანი, რომელიც ღირსებით ეპყრობოდა მოწინააღმდეგეს – თუნდაც ბრძოლაში! სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი ამ ინტერვიუს და მინდა გითხრათ, საშინლად გამაღიზიანა ამ მიკერძოებული ჟურნალისტის უტიფარმა და სუბიექტურმა დამოკიდებულებამ მის მოსაუბრესთან, ანუ, თამამად შემიძლია ვთქვა – მის მოწინააღმედეგესთან – ქვეყნის პრეზიდენტთან. ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ეს ჩემი, როგორც ერთი რიგითი პიროვნების სუბიექტური შეხედულებაა. ვფიქრობ, რომ, ამ შემთხვევაში, ჟურნალისტი არღვევს პროტოკოლსა და პრეზიდენტის უფლებებს. ასევე, მკვეთრად ჩანს, რომ, როგორც ჟურნალისტი, ის პროფესიონალიზმის უკმარისობას განიცდის. ამ შემთხვევაში, ის “საჩხუბრად” უფრო არის მისული, ვიდრე – სასაუბროდ. პროტოკოლი, პროტოკოლია ასეთი. გასაგებია პასუხი?! – მას (პრეზიდენტს) აქვს უფლება, დაარღვიოს ეს პროტოკოლი. ეს მხოლოდ მის კეთილი ნებაზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გვაქვს უფლება, მოვთხოვოთ მას ეს ქმედება. პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს უფლება გამოიყენოს.
მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის პრეზიდენტს “ქვეშაფსიას “ეძახდნენ. მაშინაც საშინელი პროტესტის გრძნობა მქონდა და სოციალურ ქსელშიც გამოვხატე ჩემი აზრი.
არ შეიძლება ამ ფორმით ურთიერთობა. დანარჩენი ცალკე გავარკვიოთ – ვინ? როგორ? გამოგვადგება. საკუთარ თავს და ერთმანეთს პატივი ვცეთ, მით უმეტეს – ქვეყნის პრეზიდენტს!
ამ შემთხვევაში, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფრთას მივეკუთვნები მე. ოპოზიცია ვარ თუ პოზიცია, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ. გამაღიზიანა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ამ ფორმით “დაკითხვამ”.
სავარაუდოდ, ჟურნალისტმა მიიჩნია, რომ ამ სახის საუბრით რეიტინგს აიმაღლებდა. ვფიქრობ, მწარედ შეცდა. სამწუხაროდ, მას დღემდე მივიჩნევდი ჭკვიან და დიპლომატ ჟურნალისტად. არსებობს უფრო დიპლომატიური “დაკითხვის” ფორმები და ეს განსაზღვრავს ჟურნალისტის პროფესიონალიზმსა და რანგს, რადგან აქ ნათლად ჩანს მისი სუბიექტური დამოკიდებულება ინტერვიუერთან.
პროფესიონალი ჟურნალისტი უნდა იყოს მიუკერძოებელი. სამწუხაროდ, ქვეყანაში პროფესიონალიზმის დეფიციტია. ეს ასეა! ბასტა!”, – წერს მაია სასწრაფოშვილი სოციალურ ქსელში .
​წყარო: http://resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარი