ვატო შაქარიშვილი: მოსამართლის ქცევას არ განსაზღვრავს სისტემა; მოსამართლის ქცევა ეფუძნება შინაგან რწმენას, მორალსა და კანონს

მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი, ვატო შაქარიშვილი, მწვავედ აკრიტიკებს და შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე; მაგრამ, მოდით, ერთად ვნახოთ – რა შევუკვეთეთ (2012 წელს) და რა ჩამოვიდა? პირველი მოსმენით მოწონებული (კობახიძის კაბინეტის) კანონპროექტით, უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად აუცილებელი კრიტერიუმი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ზონდერობა აღმოჩნდა. აი, ვნახოთ – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება, იყოს მხოლოდ: მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5-წლიანი გამოცდილება. (მეთოფიშვილების დანიშნული). ასევე, ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5-წლიანი გამოცდილება და მოსამართლეობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი. (ეს პერიოდი კი მოიცავს სააკაშვილის მმართველობას). უზენაესის მოსამართლეები კვლავ თავისუფლად შეიძლება, გახდნენ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე და მეთოფიშვილი – პროექტის მიხედვით, საბჭოს წევრი შესაძლოა, იყოს მოსამართლეობის კანდიდატი; მაგრამ ის, კენჭისყრის დროს, საკუთარ თავს ხმას ვერ მისცემს. მეთოფიშვილების შერჩეულ კანდიდატებზე ინფორმაცია კონფიდენციალურია და მეთოფიშვილებსვე აქვთ ექსკლუზიური წვდომა – 34 (2) მუხლის მე 3, 4 ნაწილებით ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურად ცხადდება და მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრებს უნდა წარედგინოს; ამავე მუხლის მეათე ნაწილით, დალუქული ინახება 3 წლის განმავლობაში. ამ ყველაფრის ფონზე, ვერავის ვთხოვთ, ენდოს მოსამართლეებს, რომლებსაც, მოცემული კრიტერიუმებით, ერთი მხრივ, არჩევს საყოველთაოდ დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო; მეორე მხრივ კი კენჭს უყრის უმრავლესობა, რომლის მიმართაც, ყოველდღიურად, იკლებს ნდობა… P.S. რადგან დღეს კიდევ ერთხელ შემოგვთავაზეს ლოგიკა ცუდების გაკარგებაზე, ამ თეზისის ავტორს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ მოსამართლის ქცევას არ განსაზღვრავს სისტემა – მოსამართლის ქცევა ეფუძნება შინაგან რწმენას, მორალს, კეთილსინდისიერებასა და კანონს! მოსამართლის პროფესია, ყველა სხვა პროფესიასთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად არის სისტემაზე დამოკიდებული და ყველაზე მეტად არის ინდივიდური. P.P.S. მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი… სინდისი ან გაქვს, ან არ გაქვს. ის არც ისწავლება, არც იშოვნება!”, – წერს ვატო შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები