სტიქიური უბედურება მოზამბიკში, ზიმბაბვესა და მალავიში – “ზარალის დათვლა შეუძლებელია” (ვიდეო, ფოტო)

ტროპიკული ციკლონი “იდაის”, რომელიც ინდოეთის ოკეანიდან მოვიდა, უკვე ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფად მიიჩნევა სამხრეთ ნახევარსფეროში. ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც 170 კმ/სთ-ში აღწევდა და ხანგრძლივი წვიმა, გასული კვირის ბოლოს, თავს ზიმბაბვეს, მოზამბიკსა და მალავიას დაატყდა, რამაც ენით აღუწერელი ნგრევა გამოიწვია.
“ბუნებამ თავისი ძალა გამოავლინა და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, შევეგუოთ ამას; ვიპოვოთ ჩვენში ძალები, რათა წამოვდგეთ და წინ ვიაროთ, როდესაც წვიმები დამთავრდება”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცენტრალურ მოზამბიკში წყლით 290 კვადრატული კილომეტრი დაიფარა. “წითელი ჯვრის” მონაცემებით, უსახლკაროდ 400 000 ადამიანი დარჩა.
“სახლში ვიყავი შვილებთან ერთად იმიტომ, რომ წვიმა მოდიოდა. ვლაპარაკობდით. უეცრად, მთიდან გრუხუნის ხმა მოისმა და ქუჩებში წყალი მოვარდა, როდესაც წყალმა ჩვენს სახლამდე მოაღწია, გაქცევა მოგვიწია”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
ბევრი ადგილობრივი, ახლაც, თავის გადასარჩენად სახლების სახურავებსაე და ხეებზეა ასული. ავიამაშველები იმათ დასახმარებლად მოდიან, ვისთან მიღწევასაც ახერხებენ. მაგრამ კატასტროფის მასშტაბი ძალიან დიდია და ყველას შველა ვერ ხერხდება. ორგანიზაცია “მსოფლიო სასურსათო პროგრამას” მუდმივად შეაქვს ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები