ლია გიგაური: სკოლებში საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი არ გადაიწევს
ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებში სწავლის დროებით შეჩერების მიუხედავად, საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი არ გადაიწევს და სკოლებში ბოლო გაკვეთილები 13 ივნისს ჩატარდება. როგორც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაცდენილი საათების ანაზღაურება შემჭიდროებულ ვადებში მოხდება.
“რაც შეეხება გაცდენილი საათების ანაზღაურებას და როდის იქნება დაძლეული ეს პროგრამა – სასწავლო წლის ბოლოა და, პროგრამის მიხედვით, მიმდინარეობს განვლილი მასალის შემაჯამებელი სამუშაოები. ყველა ეს სამუშაო ჩატარდება შემჭიდროვებულ ვადებში. წინა გაცდენილი ორი დღე შაბათის დღეების ხარჯზე ანაზღაურდება და თუ კიდევ იქნება საჭირო, სასწავლო გეგმაში შევა ცვლილებები და მოსწავლეებს დღის განმავლობაში თითო გაკვეთილი დაემატებათ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებში სწავლა, მეექვსე კლასის ჩათვლით, კვირის ბოლომდეა შეწყვეტილი.