მამაკაცი, რომელმაც უტრეხტში, ტრამვაიში ცეცხლი გახსნა, დაკავებულია
ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად უტრეხტის პოლიციამ გაავრცელა.
სამართალდამცველებმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდეს.
როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, დაკავებული თურქეთში დაბადებული 37 წლის გოქმენ თანისია. პოლიციის განცხადებით, მას სამი ადამიანის მკვლელობა და ხუთის დაჭრა ედება ბრალად. როგორც ნიდერლანდების კონტრტერორისტული სააგენტოს ხელმძღვანელმა, პიტერ ჯააპ აალბერსბერგმა განაცხადა, ეჭვმიტანილმა ცეცხლი ქალაქის რამდენიმე ადგილას გახსნა. მისი თქმით, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება და სამართალდამცველები ყველა ფაქტის დასადგენად მუშაობენ.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, 24 ოქტომბრის მოედანზე შეიარაღებულმა პირმა ტრამვაიში ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:45 საათზე გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ბოლო, დაზუსტებული მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავებულია ხუთი ადამიანი.
ცოტა ხნის წინ „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამაკაცი, რომელიც უტრეხტში მოქალაქეებს თავს დაესხა, ჩეჩნეთში იბრძოდა.