საქსტატი – საშუალო ხელფასი 1202 ლარამდე გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის მე-4 კვარტლის ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 61,1 ლარით გაიზარდა და 1 202 ლარი შეადგინა.
2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი); • მშენებლობა – 1956.4 ლარი (წლიური ზრდა -1.4 პროცენტი); • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასების განაწილება ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების – 1468.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.