ექსკლუზივი: ადმირალ გიგლა ირემაძის ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდა (ვიდეო)
ადმირალ გიგლა ირემაძის ოჯახის მოთხოვნით, მისი ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდა. კადრები საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა „კვირამ“ ეკსკლუზიურად გადაიღო. საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის ქვრივი ცდილობს, დაადგინოს, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მანანა ირემაძე ეჭვობს, რომ მისი მეუღლე მოწამლეს და ადმირალის სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ამ მოტივით მან 18 აპრილს პროკურატურას წერილობით მიმართა და ცხედრის ექსჰუმაცია მოითხოვა.
საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი გიგლა ირემაძე 2004 წლის 13 აგვისტოს, როგორც მისი მეუღლე აცხადებს, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. თავის დროზე, ოჯახს აცნობეს, რომ ადმირალი ინფარქტით და ინსულტით გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით, საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის თანაშემწემ ვიქტორ ჭელიძემ, რომელიც ამჟამად ბელგიაში იმყოფება, გიგლა ირემაძის მკვლელობის ვერსია გააჟღერა. ჭელიძე დღესაც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გიგლა ირემაძის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აფხაზეთის წყლებში სხვა ქვეყნის, ანუ რუსეთის გემის ჩაძირვის ბრძანება გასცა, რომელიც დემონსტრაციულად შემოვიდა აფხაზეთში. ადმირალმა ბრძანება არ შეასრულა, რაც შესაძლოა, მისი ლიკვიდაციის მიზეზი გამხდარიყო.
„გიგლა ირემაძემ კარგად გააანალიზა, რაც მოჰყვებოდა ჟირინოვსკის, ლუჟკოვის და ა.შ. რუსი პოლიტიკოსების გემის ჩაძირვას, ეგრევე მივიღებდით აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ამიტომ ბრძანებას არ დაემორჩილა. ამის შემდეგ ადმირალი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა… მე თავიდანვე გადავწყვიტე, დამოუკიდებელი გამოძიება ჩამეტარებინა ფაქტზე. ეჭვი, რის გამოც ავიღე გიგლას სისხლის ნაცხი, გამართლდა. ჰოსპიტალის მთავარ ექიმს – შალამბერიძეს გავაკეთებინე ანალიზი, სისხლში აღმოჩნდა მომატებული დარიშხანი. მიზეზი კი, რითაც გიგლას გარდაცვალება ახსნეს, ინფარქტი და ინსულტი ერთად იყო, დარიშხანის მომატება, როგორც ექიმებთან გავარკვიე, შესაძლოა, მისი სიკვდილის მასტიმულირებელი გამხდარიყო“, – აღნიშნა ვიქტორ ჭელიძემ.
ადმირალის ქვრივის განცხადებით, თავის დროზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა და არც მოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ოჯახმა პროკურატურას ირემაძის გარდაცვალების ფაქტის ხელახლა გამოძიების მოთხოვნით ჯერ კიდევ 2012 წლის 21 დეკემბერს მიმართა. საქმე სამეგრელო – ზემო სვანეთის პროკურატურის წარმოებაშია. ცხედრის ექსჰუმაცია სწორედ ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, ექსპერტიზის შედეგები 2 კვირაში გახდება ცნობილი. ექსპერტებმა ადმირალის ნეშტიდან 5 ნიმუში აიღეს, მათ შორის: თავიდან, ხელის და ფეხის მტევნებიდან, შუა წელიდან და კიდურებიდან. ცხედარს საფლავში ჩაყოლებული ჰქონდა საბრძოლო დროშა და თეთრი ხელთათმანი. ექსჰუმაციის ხარჯები მთლიანად პროკურატურამ დაფარა. ადმირალის ნეშტს საბურთალოს სასაფლაოზე, იმავე ადგილზე დაკრძალავენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gjV4SLLkjpo&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]