ტაშისკარში, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“, შიდა ქართლში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს სათავე ნაგებობისა და წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაცია.
„პროექტით გათვალისწინებულია არსებული წყალმიმღები კვანძის, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მათი მექანიკური აღჭურვილობის სრულად აღდგენა: გალერეის სარეგულაციო კვანძის, სარქველიანი ფარებისა და ამწე მექანიზმების რემონტი. აღდგენითი სამუშაოები უტარდება, ასევე, გამანაწილებელი არხის 5 კმ სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი მონოლითური ბეტონით, ხოლო ფერდები – რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთდება. დაგეგმილია წყალგამშვები კვანძებისა და საექსპლუატაციო გზის მოწყობა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 380 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება და შეუფერხებლად მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბებნისისა და ურბნისის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები“, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, ოთარ შამუგია, ადგილზე გაეცნო.
ცნობისთვის, “საქართველოს მელიორაცია” შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7, ხოლო საქართველოს მასშტაბით 30 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.