მუჟავას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა შენდება (ფოტო, ვიდეო)
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მუჟავას დამაკავშირებელი 12-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები ხორციელდება.
გზასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, ეზოებში შესასვლელები, განხორციელდება მდინარე ოლორის საავტომობილო ხიდის და 30 მილხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. გზის მშენებლობის პირობა სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს სოფელში წინა ვიზიტის დროს მისცა.
მუჟავას გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.