ახალი ზელანდიის ტერაქტის გმირები – ადამიანები, რომლებმაც სხვების გადასარჩენად სიცოცხლე გაწირეს
ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის რამდენიმე ნამდვილი გმირი აღმოჩნდა. მათ შორის იყო ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც მლოცველებს საკუთარი სხეულით გადაეფარა, 71 წლის დაუდ ნაბი ტერორისტის ტყვიას ემსხვერპლა.
მედია წერს, რომ ტერაქტის დროს ნაბის 43 წლის ვაჟიც აპირებდა მეჩეთში მისვლას, მაგრამ ლოცვაზე დასწრება სამსახურის გამო ვერ შეძლო. შვილი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სასოწარკვეთილი ყვებოდა მამამისზე და აღნიშნა, რომ ის ძალიან კეთილშობილი კაცი იყო. ნაბი ზელანდიაში ავღანეთიდან შვილებთან ერთად 80-იან წლებში გადავიდა.
„ის ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა, დახმარების ხელს ყველას სთავაზობდა, მათ შორის, სრულიად უცხო ადამიანებსაც“,-ამბობს გარდაცვლილის შვილი.
უცხოური პრესა წერს სისხლიანი შემთხვევის დროს მოკლულ ქალზეც, რომელიც ბოლო წუთამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქმარის დაცვას ცდილობდა. ის მეუღლეს გადაეფარა. ბანგლადეშელი ქალი იმ მომენტში მოკლეს, როდესაც პარალიზებულ ქმართან მისვლას შეეცადა. მისი ნათესავის თქმით, ხუსნა არა პარვინს ქმარი ეტლით პარასკევის ლოცვაზე ყოველკვირა მიჰყავდა. მეჩეთში მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე ლოცულობენ. საფრთხის მიუხედავად, პარვინი მეჩეთიდან არ გაქცეულა და შენობის იმ ნაწილისკენ გაიქცა, სადაც ქმარი ეგულებოდა. დაღუპულთა შორის 4 წლის ბიჭუნაც არის, მისი მამა და კიდევ ოთხი ბავშვი გადარჩნენ. ასევე, მოკლულები არიან სირიელი დევნილები, რომლებიც ახალ ზელანდიაში სირიის ომს გამექცნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში სასაკლაო ავსტრალიელმა ბრენტონ ტარანტმა 14 მარტს მოაწყო.