ჯვრის მოსახლეობას წელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

ჯვრის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტით გათვალისწინებული მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, მოადგილესთან, ზაზა სიხარულიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჯვრის მცხოვრებლებს გააცნო.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტმა, მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით, მოსახლეობის წინადადებები მოისმინა და მათ კითხვებს დეტალურად უპასუხა. კომპანიის ინიციატივით, ადგილობრივებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება. კომპანია განიხილავს მათ წინადადებებს, ასევე, პროექტის ყველა ეტაპისა და სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, რათა მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინონ და ჯვრის მცხოვრებლები სტანდარტული, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნენ უზრუნველყოფილნი.
მიმდინარე სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 19 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ჭაბურღილები, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი, აშენდება სატუმბი სადგური და რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარებს.
ცნობისათვის, ამ დროისთვის, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. დღეის მდგომარეობით, ადგილობრივები სასმელი წყლით სოფელ ჭალეში განთავსებული სატუმბი სადგურიდან მარაგდებიან, რომელიც არსებული წყალარინების სისტემიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულება, რის შემდეგაც ჯვრის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები