მარია ზახაროვა: ვენესუელაში ელექტრომომარაგების გათიშვა დასავლური დივერსიაა
მოსკოვი ვენესუელას შტატების უმრავლესობაში ელექტრომომარაგების გამორთვას დასავლურ დივერსიას უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვას თქმით, დისტანციური თავდასხმის ორგანიზატორები კარგად იცნობდნენ კანადაში წარმოებულ ელექტრომომარაგების აღჭურვილობას, რომელიც ვენესუელაში გამოიყენებოდა.
“ახლა, როგორც ყველა უბედურება, რომელიც დამოუკიდებელ ვენესუელას ბოლო წლებში თავს დაატყდა, ესეც გარედან მოვიდა. ის დივერსიის სახით მოვიდა. ქვეყნის კანონიერი მმართველის, პრეზიდენტ მადუროს ინფორმაციით და ასევე სხვა სანდო წყაროების ინფორმაციით, ვენესუელას ელექტრო-ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმა საზღვარგარეთიდან მოხდა”, – აცხადებს მარია ზახაროვა.
როგორც მან აღნიშნა, საქმე მთავარ ელექტრო-გამანაწილებელი სადგურების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემაზე ინტეგრირებულ დისტანციურ ზემოქმედებას ეხება. ზახაროვას განცხადებით, აღნიშნული სისტემა კანადაშია შემუშავებული და თავდამსხმელები მას კარგად იცნობდნენ.