ახალი ზელანდიის პრემიერი: ძალიან კარგად დაგეგმილი დანაშაული იყო
ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებით, ტერაქტის საქმეში ბრალდებული ავსტრალიელი რადიკალ-მემარჯვენეა. ამ დროისთვის, ის დაკავებულია.
“ცხადია, რომ ეს დანაშაული უნდა კვალიფიცირდებოდეს, როგორც ტერორისტული აქტი. იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ უკვე ვიცით, ეს ძალიან კარგად დაგეგმილი დანაშაული იყო. აღმოჩენილი და გაუვნებელყოფილია ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლებიც ეჭვმიტანილების მანქანებზე იყო მიმაგრებული. დაკავებულია ოთხი ადამიანი. როგორც ერთ-ერთი აცხადებს, ის ავსტრალიელია. ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ექსტრემისტულ მიმართულებას უჭერენ მხარს, არ არის ადგილი ახალ ზელანდიაში, არ არის ადგილი ამ სამყაროში”, – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა, ჯასინდა არდერამ.