კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და „ქემონიქს ინტერნეიშენელ ინკორპორეიშენს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ძირითად ნუსხაში წარდგენისთვის ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის განვითარებისა და მართვის ძირითადი გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დაეხმარება.
USAID-ის ფინანსური უზრუნველყოფის საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში გასაწევრიანებელი ნომინაციის მოსამზადებლად ICMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) ექსპერტის ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.
ვარძია-ხერთვისი-ოლოდას განვითარებისა და მართვის ძირითადი გეგმის შემუშავებასთან ერთად მხარეთა პარტნიორობის ფართო სპექტრს დღეიდან ურთიერთგაგების მემორანდუმი განსაზღვრავს, რომლის მთავარი მიზანი რეგიონული ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.
თანამშრომლობის დოკუმენტი დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და „ქემონიქს ინტერნეიშენელ ინკორპორეიშენს“ შორის გაფორმდა, რომელიც USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მთავარი განმახორციელებელი პარტნიორია.
ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს 2 რეგიონის დონეზე ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვას გულისხმობს.
შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მდებარე ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მოდერნიზებითა და მომსახურების ხარისხის ამაღლებით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო პროექტის „ზრდა“ ფარგლებში ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და სამოსახლო თემებისთვის ეკონომიკური განვითარების წინაპირობების შექმნას გეგმავს. ამ მიმართულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და USAID-ს ერთობლივი აქტივობები უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის, რაბათის ციხის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსისა და ხერთვისის ციხის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვისკენ იქნება მიმართული.
მხარეთა ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო აღნიშნული მუზეუმებსა და მუზეუ-ნაკრძალებზე დასაქმებულ პერსონალს სპეციალური ტანსაცმლითა და უნიფორმებით უზრუნველყოფს.
ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრისთვის US AID შშმ პირებზე ადაპტირებულ სამგანზომილებიან (3D) ვირტუალური ტურის პროექტორებს შეისყიდის. სააგენტოს პროექტის „ზრდას“ ფარგლებში მუზეუმები და მუზეუ-ნაკრძალები პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტებითა და მედიკამენტების ნაკრებებითაც აღიჭურვება. კულტურული მემკვიდრეობის საიტებზე დასაქმებული პერსონალი კი ვიზიტორებისთვის პირველადი დახმარების გაწევის სატრენინგო კურსს გაივლის.
საევაკუაციო შემთხვევების გეგმების შესამუშავებლად პროექტის „ზრდა“ სამიზნე რეგიონებში მდებარე მუზეუმები სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ვიზიტორთა ზუსტი აღრიცხვიანობის უზრუნველსაყოფად კი სპეციალური აპარატურით (შტრიხკოდის სკანერი და სხვა) აღიჭურვება სამიზნე რეგიონებში მდებარე მუზეუმები და მუზეუმ – ნაკრძალები.
მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა საპროექტო მიმართულება 2020 წლის ბოლომდე შესრულდება.
ურთიერთგაგების მემორანდუმს დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს ხელი.
პროგრამა „ზრდა“ არის US AID-ის მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროექტი, რომლის მიზანია სამიზნე თემებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) განვითარება, სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის საბაზრო კავშირების დამყარება და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
შედეგად, „ზრდა“ გაზრდის შემოსავლებს როგორც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ისევე საოჯახო მეურნეობებისთვის, შექმნის სამუშაოადგილებს და აამაღლებს ცხოვრების დონეს სამიზნე თემებში. „ზრდა“ პროექტის სამიზნე არელია ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემები. დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, „ზრდა“ მხარს უჭერს ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფერმერებს პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორების განვითარებისთვის გრანტების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ტექნიკური დახმარების მეშვეობით.
„ზრდა“ ასევე ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და საბაზრო კავშირების დამყარებას სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორების პრიორიტეტული მიმართულებების გასაძლიერებლად.
„ზრდას“ სამიზნე სექტორებს მიეკუთვნება: ბოსტნეული, კენკრა, კარტოფილი, ხილი, თაფლი/მეფუტკრეობა, ტურიზმი, მომსახურების სექტორი, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მეწარმოების მხარდაჭერა.