პრემიერი – ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, ასევე, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა

ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია – 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.

„საქართველო კვლავ ერთგული რჩება ჩინეთის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციის განმტკიცების მიმართ. ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო მიზნად ისახავს, კიდევ უფრო გაზარდოს ცნობადობა მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების შესახებ და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოიზიდოს.

გარდა ამისა, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. თუმცა, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტუმარმასპინძლობა, სადაც ჩინური საწარმოების მონაწილეობა წახალისებულია,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა.

„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა სექტორში მიღწეული წინსვლა სრულად შეესაბამება საქართველოს ფართო ეკონომიკურ მუხტს, რაც აძლიერებს ქვეყნის მიერ ბოლო წლებში შენარჩუნებულ დადებით ტრაექტორიას. გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველო კვლავაც სტაბილური და საიმედო საყრდენის როლს ასრულებს რეგიონში. მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანამ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწია შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენა მდგრადობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა, საშუალო წლიური 9.7 პროცენტით და 2025 წლისთვის 7.2-პროცენტიანი პროგნოზით; საშუალოვადიანი ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1 პროცენტს შეადგენს,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები