აშშ-ის სენატი ახალი რეზოლუციით მექსიკის საზღვართან ტრამპის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას აუქმებს
აშშ-ის სენატმა რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც მექსიკის საზღვართან დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას აუქმებს. ამის შესახებ BBC წერს.
დოკუმენტს 59-მა სენატორმა 41-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. მანამდე კი რეზოლუციას კენჭი წარმომადგენელთა პალატაში უყარეს.
ახლა რეზოლუცია განსახილველად თეთრ სახლს გადაეგზავნება, თუმცა გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპი მასზე ვეტოს გამოყენებას გეგმავს. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ორივე პალატაში ხმათა ორი-მესამედია საჭირო.
ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის შემოიღო, რომლის ასაშენებლადაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ფინანსების სრულად გამოყოფაზე უარი კონგრესმა განუცხადა. პრეზიდენტის თქმით, ფიზიკურმა ბარიერმა ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადი და ნარკოტიკული საშუალებების შედინება უნდა შეაჩეროს.