ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის მიხედვით რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად აღარ უნდა განიხილებოდეს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად აღარ უნდა განიხილებოდეს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის.
რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შეფასების შემცველ რეზოლუციას მხარი 402-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 163 წინააღმდეგი წავიდა, 89-მ კი, თავი შეიკავა.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ 2015 წლის შემდეგ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არაერთხელ დაიძაბა, მათ შორის სირიაში რუსეთის ინტერვენციის, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩარევისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის გამო.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი ეხმარება ევროკავშირისადმი სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს და ულტრამემარჯვენე მოძრაობებს, ასევე ერევა საარჩევნო პროცესებში საზღვარგარეთ და არღვევს ადამიანის უფლებებს.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს რუსეთთან გაფორმებული პარტნიორობის შეთანხმებას და მხოლოდ იმ სფეროებში განაგრძოს თანამშრომლობა, სადაც მოსკოვისა და ბრიუსელის ინტერესები ემთხვევა.
ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად გმობენ რუსეთიდან მომავალ დეზინფორმაციულ კამპანიებს და კიბერთავდასხმებს. დეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირს, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ზომები გაამკაცროს.