სერგო მეთოფიშვილი: ეკა გიგაურის მხრიდან ჩემი აზრით, ეს ძალადობისკენ მოწოდებაა, რამაც შედეგიც გამოიღო

ჩვენს ქვეყანაში ფეიკნიუსები, არა მედიის, არამედ სწორედ NGO-ების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება. ეს არის სამწუხარო რეალობა – ამის შესახებ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა “კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“საყურადღებოა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ქალბატონი ეკა გიგაურის განცხადებაც. მან თქვა შემდეგი, რომ პირველ რიგში, საზოგადოების ზეწოლით უნდა მოხდეს კლანის წევრების წასვლა სასამართლოდანო. დააკვირდით ფრაზებს, იმ ფონზე, როცა ეკა გიგაური თავის თავს უფლებადამცველს ეძახის. გეკითხებით, მსგავსი პათოსის განცხადებები, რამდენად ადეკვატურია? გიგაურის მხრიდან ჩემი აზრით, ეს ძალადობისკენ მოწოდებაა, რამაც შედეგიც გამოიღო. კერძოდ, ამ მოწოდებიდან ორ დღეში, საღამოს ორი ადამიანი თავს დამესხა, დამემუქრა მეც და ჩემს ოჯახს.
ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გავაკეთე, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის არა ნეიტრალური, არამედ პოლიტიზირებულია. ჩვენს ქვეყანაში ფეიკნიუსები, არა მედიის, არამედ სწორედ NGO-ების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება. ეს არის სამწუხარო რეალობა. დღე და ღამე ატრიალებენ მოსამართლეთა კლანებზე ვიდეო-რგოლებს, არიგებენ ბუკლეტებს, ატარებენ სამარცხვინო ე.წ. კვლევებს, მაგალითად, როცა გიგაურმა სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, მიზანმიმართულად მივიდა ყოფილ მოსამართლესთან, რომელსაც ჩვენ არ ვნიშნავთ აგერ უკვე მეხუთე წელია, რადგან ის არის არაკეთილსინდისერი, ასეთ ადამიანის განწყობით იხელმძღვანელა. თქვენი აზრით, როცა მიდიხარ ადამიანთან, რომელსაც წლებია არ ვნიშნავთ მისი არაკეთილსინდისიერების გამო და მას სთხოვ სასამართლოს დახასიათებას, რა პასუხს გაგცემთ. ეს არის კვლევა? თან ამ კვლევებს მერე საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნიან და ცდილობენ, ისინიც დაარწმუნონ, რომ დარღვევებს აქვს ადგილი. შეიძლება, ორგანიზაცია, რომლის სახელში სიტყვა „გამჭვირვალობა“ ფიგურირებს ასეთი არაგამჭვირვალე კვლევას ატარებდეს?”-, განაცხადა მეთოფიშვილმა
მეთოფიშვილის თქმით, მისთვის ეჭვის საფუძველია, რომ გიგაური ამ დრომდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე პროტესტს არ გამოთქვამდა და მისი დღევანდელი პათოსი წინა ხელისუფლების შეხედულებებს ემთხვევა.
ასევე, რეალობასთან კავშირი არ აქვს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს. თავად კითხვები და პასუხების ვარიანტები ისეა ფორმულირებული და შემდეგ მონაცემები დაჯამებული იმ მიმართულებით, რომ ნეგატიური შედეგი დადგეს და სასამართლოში არსებული ვითარება მკვეთრად უარყოფითად იყოს წარმოჩენილი. მე ამაზე კითხვაც დავუსვი კვლევის ავტორებს, კოალიციის წარმომადგენელს, ვერძეულს და პასუხი ვერ გამცეს. სხვას არც არაფერს მოველოდი, ფაქტია, ადგილი აქვს ციფრების ყალბ მანიპულაციას. მათ საიტზე განთავსებულია კვლევა, კითხვების ფორმულირება და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ნახოს, თუ როგორ არის დაჯამებული შედეგები და რასთან გვაქვს საქმე …აქვე, ეკა გიგაურთან დაკავშირებით, მინდა, ერთი რამ გავიხსენო, მე 2007- 2008 წლებში სასაზღვრო პოლიციაში ვმუშაობდი, ეკა გიგაური მაშინ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, თანაც გავლენიანი მოადგილე. სწორედ ის კურირებდა ფინანსებს, კადრებს, იურიდიულ სამსახურსა და საერთაშორისო მიმართულებას, ანუ ოთხ ძირითად დარგს. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე იყო, სწორედ მან მიმიღო სამსახურში, კონკურსი რომ გავიარე აღნიშნულ პოზიციას სწორედ გიგაური იკავებდა. მაშინ ვიყავი კარგი ხო? მე შიდაინსპექციაში ვმუშაობდი, გენისპექციას რომ უწოდებენ. გიგაური საკონკურსო-საატესტაციო კომისიის პარალელურად, სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო. თუ ჭორებზე მიდგა საქმე და თუ ჭორების სტანდარტი შემოაქვს, მაშინ მეც უნდა დავიწყო ჭორაობა იმაზე, რაც ეკა გიგაურთან დაკავშირებით იმ პერიოდში მესმოდა? – კონფიდენციალურ საუბრებში მეუბნებოდნენ, რომ ეკა გიგაურმა მრავალმილიონიანი ტენდერი მოაგებინა ახლობელსო. მე რომ დღეს ავდგე და როგორც გიგაური იქცევა, ისე მოვიქცე და ყველგან ვიძახო, მტკიცებით ფორმაში რომ ეკა გიგაური ტენდერებში ფულს აკეთებდა – მართალი ვიქნები? თუმცა, მისთვის, როგორც ჩანს, ბრალდებების გაჟღერება და თქმა, რომ, თურმე, კლანის წევრი ვარ, ძალიან მარტივია. ამბობს, რომ სასამართლო კორუმპირებულია, რითი ასაბუთებს ამას, მეტყვის ვინმე? მაშინ ტენდერებზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული, ვიცი, რომ მოწმის სახითაც დაიკითხა ხალხი, თუმცა ეს საქმეები თაროზე შემოიდო. ეკა გიგაური პასუხისგებაში არავის მიუცია. ხალხი იმასაც ამბობდა, რომ გიგაური იმჟამინდელ ხელისუფლებასთან გარიგებაში შევიდაო, მართლაც, რომ დავაკვირდეთ, 2010 წელს ეკა გიგაურის ისეთი აქტიურობა გინახავთ, როგორც დღეს აქტიურობს, სასამართლოს ამ დოზით კრიტიკა ვინმეს ახსოვს? 2010 -ში გიგაური უკვე ხელმძღვანელობდა „საერთაშრისო გამჭვრივალობას“, არც 2011 წელს უთქვამს არაფერი, 2012 წელს კი საერთოდ, ისიც თქვა, ეს მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონო. დღესაც თანხვედრაშია იმ პოლიტიკური პარტიის შეხედულებები ეკა გიგაურის შეხედულებებთან – „დაავერბოვკესო“ – ასე ამბობდნენ მაშინ გიგაურზე.
ეკა გიგაურს 2007 წლის 21 ნოემბერს სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდება მიენიჭა, წარდგინება დაწერილია 13 ნოემბერს, ზოგადად, წოდების ვადაზე ადრე მინიჭება, დაკავშირებული იყო კონკრეტულ დღესასწაულთან, მესაზღვრის დღესთან და ა.შ. საინტერესოა, რა განსაკუთრებული თარიღებია 13 ნოემბერი ან 21 ნოემბერი. საუბარია 2007 წელზე, 7 ნოემბრის მოვლენების შემდგომ პერიოდზე, ჩვენი ერთ-ერთი რაზმი იდგა მაშინ რუსთაველზე და ასეთი ჭორები დადიოდა, რომ ვადაზე ადრე წოდება იმიტომ მიენიჭა იმჟამინდელი შს მინისტრისგან გიგაურს, რომ აქტიურობდა მიტინგის დაშლის ორგანიზებაშიო… როგორც უკვე ვთქვი, კადრებს, საკადრო რეფორმას გიგაური ხელმძღვანელობდა, 1500-მდე ადამიანი გაუშვა სასაზღვრო პოლიციიდან, გამოვა და იტყვის კორუფციას ვებრძოდიო. 1500-ვე კაცი კი არ იდგა გამშვებ პუქტებზე და ფულს კი არ აკეთებდა, ბევრი პატიოსანი ხალხი იყო დასაქმებული ცენტრალურ აპარატში და იმ ხელფასით ოჯახებს არჩენდნენ. ვინაიდან მოწოდება იყო, რომ „გავწმინდოთ პოლიცია და მათ შორის სასაზღვრო პოლიცია“, ადგა და გიგაურმა გაწმინდა. ვსვამ კითხვას – ამორალური დავალების შემსრულებელი მე ვარ, თუ ეკა გიგაური? კიდევ არაერთი რამ მსმენია და დავდგე და ჭორები გავავრცელო, როგორც ის აკეთებს? მით უმეტეს, მე მაქვს თმენის ვალდებულება და არათანაბარ პირობებში ვარ მასთან შედარებით. როგორც ჩანს, ამ ყველაფრით სარგებლობენ და არაერთ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, როგორც ჩემზე ისე სხვა მოსამართლეებზეც”,- განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები