გერმანელი მეცნიერი ქართულ მედიაში ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს სასამართლოში უჩივის
12 მარტს, 11 საათზე, საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გერმანელი ქართველოლოგის, პროფესორ იოსტ გიპერტის შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, პრესკონფერენციას ატარებს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი პროფესორი მანანა თანდაშვილი (საკონტაქტო ნომერი 595 06 46 12).
პრესკონფერენციას დაესწრებიან ქართველი მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები.
„ამ რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიასივრცეში გერმანელი ქართველოლოგის და კავკასიოლოგის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის იოსტ გიპერტის სახელით გამოქვეყნდა ფაბრიცირებული ტექსტი, რომ ქართველი ერი კულტურულად არშემდგარი ერია, რომ იგი მონობისადმი არის მიდრეკილი და ა.შ. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად გერმანელი მეცნიერი და კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი. იოსტ გიპერტის სახელით გამოქვეყნებულმა გაყალბებულმა განცხადებამ ქართველ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, რის შედეგადაც ქართულ სოციალურ ქსელებში გაჩნდა გერმანელი ქართველოლოგის მიმართ გამოთქმული არაერთი უცენზურო გამონათქვამი, რაც შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ გერმანელი მეცნიერისათვის, არამედ მისი ქართველი კოლეგებისთვისაც.
იოსტ გიპერტი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან, მათ შორის: თამაზ გამყრელიძესთან, მზექალა შანიძესთან, ვახტანგ იმნაიშვილთან, ზურაბ სარჯველაძესთან, ზაზა ალექსიძესთან, დამანა მელიქიშვილთან, თედო უთურგაიძესთან, იზა ჩანტლაძესთან და სხვ.
გერმანელი ქართველოლოგის მიერ ინიცირებული და განხორციელებულია 12 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ქართველოლოგიაში, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 2,5 მილიონ ევროს და რომელშიც 300-მდე ქართველი მეცნიერი და დოქტორანტი მონაწილეობდა.
იოსტ გიპერტი 40 წელზე მეტია ემსახურება ქართველოლოგიის პოპულარიზაციის საქმეს. მან 80-იან წლებში წამოიწყო ქართული ხელნაწერებისა და გამოცემული ტექსტების გაციფრება და ქართველ კოლეგებთან ერთად ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა ქართული ენის ტექნოლოგიების შესაქმნელად აუცილებელ ელექტრონულ ბაზებს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა, რამაც მყარი საფუძველი შეუქმნა საქართველოში კორპუსლინგვისტიკის განვითარებას და ქართული ენის ტექნოლოგიების შექმნას. პროფესორმა იოსტ გიპერტმა პროფ. მანანა თანდაშვილთან (ფრანკფურტის უნივერსიტეტი) და პროფ. რამაზ ხალვაშთან (ბათუმის უნივერსიტეტი) ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სრულიად ახალი სამეცნიერო მიმართულების – დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებას: იგი 2012 წლიდან აქტიურად მონაწილეობს დიგიტალური ჰუმანიტარიის პრობლემებისადმი მიძღვნილ ბათუმის საზაფხულო სკოლის მუშაობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელმაც 400-მდე ახალგაზრდა კადრი მოამზადა ახალი მიმართულების განსავითარებლად საქართველოში.
იოსტ გიპერტს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეშიც. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის წარდგენის პროგრამის მომზადებაში. მანანა თანდაშვილთან ერთად იყო გამომცემელი და რედაქტორი 11 ქართული წიგნისა, მათ შორისაა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებული გამოცემა გერმანულად (ჰუგო ჰუპერტის თარგმანი), ხოლო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში პავილიონის დიდ სცენაზე წარადგინა მოხსენება ქართული ანბანისა და დამწერლობის შესახებ, რომელშიც ჯეროვნად შეაფასა ქართული ანბანის უნიკალურობა და ისაუბრა ქართული ხელნაწერების მნიშვნელობის შესახებ.
პროფესორი იოსტ გიპერტი ქართველი ერისა და კულტურის დიდი მოამაგეა და 40 წელია ემსახურება ევროპაში ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციას. ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ ჯეროვნად დააფასა მისი ღვაწლი და ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1996 წელს იგი აირჩიეს გელათის აკადემიის უცხოელ წევრად, სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად (1997 წ.). შემდგომ კი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად (2009 წ.) და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად (2013 წ.).
ამდენად, ცნობილი უცხოელი ქართველოლოგის, გერმანელი მეცნიერის პროფ. იოსტ გიპერტის მიმართ განხორციელებული ქმედება არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ მას, არამედ მთელ ქართულ მეცნიერებას და მოითხოვს სათანადო სამართლებრივ რეაგირებას. გერმანელი მეცნიერო სასამართლოში აპირებს ჩივილს მის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ“, აღნიშნულია ფრანკფურტის ლინგვისტური წრის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მის: გუდიაშვილი ქუჩა 7, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.