სერგო მეთოფიშვილი: ვერც ბესელია, ვერც გოგიჩაიშვილი, ვერც ფოფხაძე და ვერც მათი მსგავსი სხვა პოლიტიკოსები ვერ შემაშინებენ

ორი წლის განმავლობაში, მე და ეკა ბესელია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთ მაგიდასთან ვისხედით და მაშინ კონსტრუქციულებს გვეძახდა, – ამის შესახებ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა “კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეკა ბესელიას განცხადება, რომ მეთოფიშვილი სასამართლო სისტემაში არ უნდა იყოს, მისთვის გასაოცარია, რადგან ორი წლის წინ მასთან მუშაობისას მსგავსი მოსაზრება არ გამოუთქვამს.
“ორი წლის განმავლობაში, მე და ეკა ბესელია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთ მაგიდასთან ვისხედით და მაშინ კონსტრუქციულებს გვეძახდა. მახსოვს, სამუშაო ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, თავად ეკა ბესელია იყო, კანონპროექტებზე მუშაობდა, იყო გასვლითი სხდომებიც რეგიონებში, პროექტზე მუშაობისას მიმდინარეობა დისკუსიებიც… ამ ფონზე, ჩნდება კითხვა: დღეს, როცა ეკა ბესელია ჩვენი გვარების ხსენებისას ისტერიკაში ვარდება, მაშინ რატომ არ ჰქონდა ასეთი რეაქცია, როგორ თანამშრომლობდა ჩვენთან, თუ ასეთი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა?!”,- განაცხადა მეთოფიშივლმა.
მისივე განმარტებით, მათი მუშაობა პროდუქტიული იყო და ამას თავად ბესელიაც პოზიტიურად აფასებდა.
“მინდა ვთქვა, რომ თავის დროზე ძალიან პროდუქტიულად ვითანამშრომლეთ. იმ ფორმატს თავადაც პოზიტიურად აფასებდა. ჩნდება კითხვა, ადამიანი თუ მიიჩნევს, რომ კონკრეტული მოსამართლე პირსისხლიანია, მასთან ერთად დისკუსიას როგორღა მართავს?! თუ რატომ იჯდა 2 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად ტკბილად მაგიდასთან, ამ კითხვაზე ეკა ბესელიას დღეს პასუხი არ აქვს! “,- აღნიშნა მეთოფიშვილმა.
მოსამართლის შეფასებით, ბესელია უმრავლესობის შიგნით სხვა საკითხმა შეაწუხა და მოსამართლეების თემა უთანხმოების საბაბად გამოიყენა.
“ვფიქრობ, რომ ბესელია უმრავლესობის შიგნით რაღაცა სხვა საკითხმა შეაწუხა, (არც მაინტერესებს ეს რა საკითხია) ისარგებლა იმ ვითარებით, რომ მოსამართლეების საკითხი აქტუალური იყო და უთანხმოების საბაბად სწორედ ეს თემა გამოიყენა. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ვერც ბესელია, ვერც გოგიჩაიშვილი, ვერც ფოფხაძე და ვერც მათი მსგავსი სხვა პოლიტიკოსები ვერ შემაშინებენ. გოგიჩაიშვილის შემთხვევაში, ვიტყვი მხოლოდ ერთს: ის სასამართლო სისტემაზე განაწყენებული ადამიანია. მან თქვა, რომ დაჭრილი დაზარალებული „ჩამიდესო“, ყველაფერი მსმენია: ნარკოტიკის, ვაზნის, იარაღის „ჩადება“, მაგრამ დაჭრილი დაზარალებულის ჯიბეში „ჩადება“ როგორ შეიძლება მოხდეს? თუ მართალია, განაჩენის გადასინჯვაზე განაცხადი რატომ არ შეაქვს? რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, ის ჩემგან კომენტარის ღირსიც არ არის, ვინაიდან ამბობს, რომ კონკრეტული მოსამართლეები უვადოდ გამწესებას კი არა, უვადოდ დაპატიმრებას ექვემდებარებიანო”,- განაცხადა მეთოფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები