არჩილ თალაკვაძე: გარდა იმისა, რომ წერილს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, გაუგებარია მისი შინაარსიც
უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ “მუქარის შემცველ” წერილზე ისაუბრა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ წერილი ამობეჭდილია და არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, გაუგებარია მისი შინაარსიც.
როგორც მან აღნიშნა, საინტერესოა ისიც, რა კავშირშია „არტარეას“ საკითხი პოლიტიკასთან.
“ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში თვალს ვადევნებთ “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებლებთან დაკავშირებულ საქმეს, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ეხება დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციებს, რომლის კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ვინაიდან ანაკლიის პორტის საკითხი ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მოჰყავს მხარეს და არის მუდმივი საუბარი, ხომ არ უკავშირდება ეს საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს, მინდა ხაზგასმით და პირდაპირ განვაცხადო, ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რა განწყობები და კერძო ინტერესები შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა პირს ამ პროექტთან დაკავშირებით.
ობიექტურობისთვის, გამოძიების პარალელურად, ჩვენ პარლამენტშიც მივეცით ბანკის დამფუძნებლებს საშუალება, რომ ღიად ესაუბრათ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ სხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ ღია ბრალდება ასევე, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბანკის დამფუძნებლებს დაემუქრა და თითქოს არსებობს ამის დამადასტურებელი წერილიც.
ბუნებრივია ჩვენი პირველი და ლოგიკური მოთხოვნა იყო, წერილი სათანადო წესით წარმოდგენილიყო.
დღეს უკვე აშკარაა, რომ წერილი, რომელზეც იყო საუბარი, რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი, ამ მოცემულობით, რომელსაც მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუ ვის გაეგზავნა და ვისგან იყო გამოგზავნილი – არ აქვს. რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? რეალურად, ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომლის არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღი და არც რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ამ მოცემულობით წერილს არ გააჩნია. იმასაც კი არ გვეუბნებიან, თუ ვინ მიუტანა, თუნდაც, ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებლებს.
ასევე, თუ შინაარსში შევალთ და წერილის ასლი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია, გაუგებარია საერთოდ რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან და მის საქმესთან “ტვ პირველი”. რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან ?! როგორც ვიცით, ხაზარაძე ამ ტელევიზიის არც მფლობელია, არც დირექტორი და არც რაიმე სხვა სახის კავშირი მას არ აქვს ამ ტელევიზიასთან. რა თქმა უნდა, გვსურს ვკითხოთ “ტვ პირველის” ჟურნალისტებსაც რაიმე ბერკეტი ან გავლენა აქვს თუ არა ბატონ ხაზარაძეს მათზე? ვინაიდან ეს წერილი მოყვანილია მტკიცებულებად და მასში ასეთ რამეს ვკითხულობთ. როგორ ან რა ფორმით უნდა მოეხდინა მათზე ზეგავლენა? საინტერესოა ამაზე ტელევიზიის წარმომადგენლებმაც გვიპასუხონ.
ასევე, გაუგებარია, „არტარეას“ საკითხიც – საერთოდ რა შუაშია პოლიტიკასთან, თუნდაც თეორიულადაც კი რაში შეიძლება უშლიდეს ხელს ხელისუფლებას არხი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ კულტურაზე და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს.
სახელმწიფო ასევე ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი და სისტემური ბანკის კანონიერ ინტერესებს, როგორიც “თი-ბი-სი ბანკია”. კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღკვეთს იმ შესაძლო უკანონო ინტერესებსაც, რომელიც მის მიმართ შეიძლება რომელიმე კერძო პირს ჰქონოდა ან ჰქონდეს მომავალში.
დაველოდოთ საქმის სრულყოფილი შესწავლის და გამოძიების შედეგებს და ნურავინ ეცდება ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, გენერალურმა პროკურატურამ დღეს „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა.