გივი მიქანაძე ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის ინიციატივით, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის მზარდი დინამიკის შედეგები დადებითად შეაფასეს. აღინიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გამყარების მიზნით, ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც 2018 წელს განხორციელდა, პოზიტიური შედეგები მოჰყვა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი, სოფიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო ვიზიტი გაიმართება.
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ფორმატში, გივი მიქანაძემ ბულგარელ დიპლომატს, პარლამენტის აპარატის ინიციატივა გააცნო, რომელიც ორი ქვეყნის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას შეეხება.
როგორც შეხვედრაზე გივი მიქანაძემ აღნიშნა, თანამშრომლობის მიმართულებების და პერსპექტივების განხილვის მიზნით, მარტის ბოლოს სოფიაში მისი სამუშაო ვიზიტი შედგება, სადაც ბულგარელ კოლეგასთან ერთად ორმხრივ ურთიერთობებზე და ამ კონტექსტში, კონკრეტულ ღონისძიებების თაობაზე იმსჯელებს.
გივი მიქანაძის განცხადებით, ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრისას, იგი თავის კოლეგას საერთაშორისო კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გააცნობს.
საუბარია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ნატოს წევრი და ასპირანტი სახელმწიფოების პარლამენტების აპარატის უფროსების ფორუმზე, რომლის გამართვაც თბილისში, 9-10 სექტემბერში იგეგმება. დესისლავა ივანოვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის დაწყების ინიციატივას მიესალმა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონფერენციის საკითხებთან დაკავშირებული აქტივობები ქართველ და ბულგარელ დიპლომატებთან კოორდინირებულ პროცესში წარიმართება და ორივე მხარეს სრული ინფორმაცია მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები