კაციტაძე ოპოზიციის მიერ ხელმოწერების შეგროვებაზე: გვინდა, პარლამენტს საკუთარი მოსახლეობის ხმა გავაგონოთ
ოპოზიციური პარტიები ერთად დავსხედით იმისთვის, რომ თამაშის სამართლიანი წესები შემოვიღოთ, ის კი არ გვითქვამს, ერთ ბლოკად ჩამოვყალიბდეთო, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაციტაძემ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება.
„ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლებაში მყოფ პარტიას საშუალებას აძლევს, მოიპაროს სადეპუტატო მანდატები. როცა ვიპარებ სადეპუტატო მანდატებს , ე.ი. ვიპარავ ხელისუფლებას.
ჩვენ დავაყენეთ საკითხი ასე: თუ რაღაც კარგი არის 2024 წელს, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება, ეს კარგი რატომა არ შეიძლება გავაკეთოთ 2020 წელს? არგუმენტი არ არის. არგუმენტი ერთადერთია: 4 წლით კიდევ მინდა, მოვიპარო მანდატები , რომ მქონდეს უკონტროლო ძალაუფლება.
ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია. გვინდა, რომ საკუთარი მოსახლეობის ხმა გავაგონოთ პარლამენტს, 73-ვე მუნიციპალიტეტიდან.
რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, რომ როგორ მოხდა , რომ პრორუსი და პროდასავლელი პოლიტიკური პარტიები ერთად დასხდნენ რაღაც საკითხთან დაკავშირებით: თქვენ იცით, რომ მოსკოვის ფეხბურთის გუნდები, მადრიდის ფეხბურთის გუნდები, პარიზის ფეხბურთის გუნდები და ა.შ. ფეხბურთს ყველა თამაშობს ერთნაირი წესებით. ჩვენ დავსხედით იქ იმისთვის, რომ ერთნაირი წესით ვითამაშოთ. ჩვენ გაგვაერთიანა იმან, რომ თამაშის სამართლიანი წესები შემოვიღოთ. ის კი არ გვითქვამს, რომ ერთ ბლოკად ჩამოვყალიბდეთო“- განაცხადა კაციტაძემ.
ცნობისთვის,ოპოზიციური პარტიებმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არიან, „რესპუბლიკური პარტია“, ნინო ბურჯანაძის პარტია, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მამუკა კაციტაძე და სხვები.
თამუნა შეყილაძე