კაციტაძე ღარიბაშვილის დაბრუნებაზე: ივანიშვილმა გადაწყვიტა, პარტია გაამათრახოს

ივანიშვილმა გადაწყვიტა, გაამათრახოს ჯერ საკუთარი პარტია, შემდეგ ეს გამათრახება გადაიტანოს პარტიის გარეთაც, – ასე ეხმაურება „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას.
როგორც კაციტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ პარტიასაც და სახელმწიფოსაც ხისტი პოლიტიკა სჭირდება.
„მოკლე სახელი რომ დავარქვა ამ მოქმედებას, ეს არის – უკან მომავალში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ივანიშვილმა. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ პარტიასაც და სახელმწიფოსაც სჭირდება ხისტი პოლიტიკა. საერთოდ, მსოფლიოში მიღებულია ასეთი რამ, სადაც არსებობს პარტიები , იქ ვიღაც ასრულებს მათრახის ფუნქციას. როგორც ვხვდები , ივანიშვილმა გადაწყვტა, გაამათრახოს ჯერ საკუთარი პარტია, შემდეგ ეს გამათრახება გადაიტანოს პარტიის გარეთაც.
გვახსოვს ის 2 წელი, როცა ღარიბაშვილი იყო პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე, ამ პერიოდში არავინ ელაპარაკებოდა ოპოზიციას. მთავარ ოპოზიციურ ძალასთან ყველა კითხვაზე პასუხი იწყებოდა ფრაზით – შენ, რომ 9 წელი და ა.შ.
ღარიბაშვილი იმდენად არ აკრიტიკებდა კვირიკაშვილს, თუმცა კვირიკაშვილსაც საკმაოდ აკრიტიკებდა, რამდენადაც აკრიტიკებდა კალაძეს. იმიტომ, რომ ის საკადრო ცვლილებები, უდისციპლინობა, ხალხის გარიყვა და ვერ გამოყენება, რის გამოც პარტია ამ მდგომარეობაში ჩავარდა არც მეტი, არც ნაკლები უპირველეს ყოვლისა, არის გენერალური მდივნის ფუნქცია.
ივანიშვილს, ღარიბაშვილთან ერთად უნდა, შეკრას პარტია, მეკი მგონია, რომ პარტია კიდევ უფრო დანაწევრდება ,“- განაცხადა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი გახდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები