“ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მამია ფხაკაძის შესახებ მომზადებულ მასალაში “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს”

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა, რომ მოსამართლე მამია ფხაკაძის შესახებ მომზადებულ მასალაში “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი და მესამე პრინციპები დაარღვიეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი წერს.
როგორც გვრიტიშვილი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება, უდავო საფუძველს უქმნის მამია ფხაკაძეს, ,,რუსთავი 2“-ს ცილისწამების უარსაყოფად სასამართლოში ედავოს.
“ხომ კარგად გვახსოვს “რუსთავი 2“-ის 2019 წლის 16 თებერვლის აჟიტირებული სიუჟეტი მოსამართლეთა “ფეშენებელური“ სახლების შესახებ ,,შაბათის კურიერში“?
სიუჟეტში, სხვა მოსამართლეებთან ერთად, დამახინჯებული და მიჩქმალული იქნა მნიშვნელოვანი ფაქტები რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის – მამია ფხაკაძის ქონებასთან მიმართებით, რის გამოც მამიამ შესაბამისი განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.
და აი, ქარტიის საბჭოს 2019 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა, რომ მოსამართლე მამია ფხაკაძის შესახებ მომზადებულ მასალაში “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებმა: ნოდარ მელაძემ და ქეთი ნადიბაიძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები დაარღვიეს.
ძალიან კარგი პრეცედენტია! დიდი მადლობა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” საკითხის მიუკერძოებლად განხილვისთვის!
ეს გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, უდავო საფუძველს უქმნის მამია ფხაკაძეს – სასამართლოში ედავოს ,,რუსთავი 2“-ს ცილისწამების უარსაყოფად; მეორეს მხრივ – სხვა მოსამართლეებსაც გვიხსნის გზას – ვაგებინოთ პასუხი ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც შელახავს საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ”, -წერს გვრიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები