სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საპარლამენტო სისტემის ბუნებრივი ნაწილია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. როგორც მან მიმდინარე პროცესები შეაფასებისას განაცხადა, ყოველივე ეს საპარლამენტო სისტემის ბუნებრივი ნაწილია.
​მისივე თქმით, ვინც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, მას მაღალი პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კულტურის ვალდებულება აქვს.
“რაც შეეხება პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ამ შემთხვევაშიც არ გამოვხატავ ჩემს პირად მოსაზრებებს ამა თუ იმ პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ერთადერთი – შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი პარლამენტში შექმნილ ახალ მოცემულობასთან დაკავშირებით, როცა აღარ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა და სადაც შესაძლოა ფრაქციების ან თუნდაც, უმცირესობის გადალაგება მოხდეს.
ეს პროცესები, ჩემი გადასახედიდან, ახალი, საპარლამენტო სისტემის ბუნებრივი ნაწილია. ასეთ სისტემებში საკანონმდებლო უმრავლესობის მიღწევისთვის ან მთავრობის დამტკიცებისთვის ხანდახან საჭირო ხდება კოალიციების შექმნაც.
მოვლენების ასეთი განვითარება არც უნდა გვიკვირდეს და არც უნდა იყოს აღქმული დესტრუქციულ ან საფრთხის შემცველ ფაქტორად, თუკი იგი არ ემუქრება ქვეყნის სტაბილურობასა და მის მთავარ კურსს.
ამდენად, ამ პროცესებში დაშლა, გაერთიანება თუ გადაადგილება ნაკლებად მნიშვნელოვანია და უფრო საყურადღებოა პოლიტიკური დისკურსი, მკვეთრი განცხადებები, პირადი შეურაცხყოფის შემთხვევები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ხვალინდელი თანამშრომლობის ფორმატების შექმნას.
ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან, სტაბილურობის მაღალი ფასიდან და ჩვენი პერსპექტივებიდან გამომდინარე, ამის უფლება არ გვაქვს. მაღალი პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კულტურის ვალდებულება გვაკისრია ყველას, ვინც ფიქრობს ხვალინდელ საქართველოზე და სახელმწიფოს გაძლიერებაზე”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები