პრეზიდენტი: შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა და მასში სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც იქნებიან

“შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა და მასში სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც იქნებიან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პირველი საპარლამენტო გამოსვლისას შეწყალებისა და მოსამართლეთა უვადო დანიშვნების საკითხებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.
„ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს მოიცავს. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას.
კომისია იმ განცხადებებს განიხილავს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად. გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები