“საქართველო და საფრანგეთი თანხმდებიან, გააძლიერონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში”

“საქართველო და საფრანგეთი თანხმდებიან, გააძლიერონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არის შემოთავაზება, რომ საქართველომ პარიზის 2020 წლის წიგნის ბაზრობას უმასპინძლოს.
„მომეცა საშუალება, მადლობა მეთქვა საფრანგეთისთვის, რათა 1921 წლის შემდეგ მან საქართველოს პოლიტიკური ემიგრაცია შეიფარა, ხელი შეუწყო საგანძურის დაბრუნებას, 2008 წელს კი ჩვენს ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტის პროცესში დახმარება აღმოუჩინა. მეტად სიმბოლურია პრეზიდენტების ხელმოწერით დიმიტრი ამილახვრის დიალოგის დაფუძნება, რომლის ფარგლებშიც საქართველო და საფრანგეთი თანხმდებიან, გააძლიერონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.
​კულტურის დარგში გვაქვს შემოთავაზება, რომ ვუმასპინძლოთ პარიზის 2020 წლის წიგნის ბაზრობას”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
გერმანიაში ვიზიტზე საუბრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კანცლერის, ანგელა მერკელის მზაობას, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდება.
„კანცლერმა მერკელმა სრული მზადყოფნა გამოხატა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაციის მხარდასაჭერად. გერმანულ კომპანიებს მზარდი ინტერესი აქვთ საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ. საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების გამოყოფას. ამან უნდა შეამციროს არალეგალური მიგრაცია. ამავდროულად, იგი ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს პროფესიული განათლების მიღებაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები