დონეცკის აეროპორტში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს
დონეცკის აეროპორტში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს,- ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. აეროპორტის ტერიტორია დღეს დილით შეიარაღებულმა ამბოხებულებმა დაიკავეს, რის შემდეგაც ფრენები შეჩერდა. ამ დროისთვის კი აღნიშნულ ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენები გამოჩნდნენ.
როგორც სააგენტო “უნიანი” იუწყება, ამბოხებულებს განიარაღების დრო ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე მისცეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ უარი განაცხადეს დანებებაზე, სამთავრობო ძალებმა ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა დაიწყეს. განხორციელდა გამაფრთხილებელი სროლებიც. ინფორმაცია დაშავებულთა, ან გარდაცვლილთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.