არჩილ თალაკვაძე: თუ ბიძინა ივანიშვილს დავალება ჰქონდა „მიცემული”, როგორ მოხდა, რომ სხდომაზე სამი ბანკირი გამოცხადდა?

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არალოგიკურს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებას, თითქოს უმრავლესობას დავალებული ჰქონდა, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ ჩატარებულიყო და სხდომის ჩატარება ბიძინა ივანიშვილს არ სურდა.

„თუ ბიძინა ივანიშვილს ასეთი დავალება ჰქონდა „მიცემული”, რაც ოპოზიციის სრულიად უსაფუძვლო ვარაუდია, როგორ მოხდა ის, რომ სხდომაზე გამოცხადდა სამი ბანკირი – ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, „თიბისი” ბანკის ყოფილი წარმომადგენლები და ახლანდელი აქციონერები. თუ განხილვა არ უნდა შემდგარიყო, თუ კომიტეტზე ეროვნული ბანკი არ უნდა ყოფილიყო, რანაირად მოხდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვიდა სხდომაზე” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედის” თოქ-შოუში „პირისპირ”.

მისი თქმით, კომიტეტის უმრავლესობა არის „ქართული ოცნება”, თავმჯდომარე „ქართული ოცნების” წარმომადგენელია და კომიტეტის სხდომაზე ამ ადამიანების მოწვევა პროცედურულად „ქართულმა ოცნებამ” უზრუნველყო. მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც ამ ფაქტის შემდეგ სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დავალება ჰქონდათ მიღებული, კომიტეტი არ ჩატარებულიყო და განხილვა არ შემდგარიყო.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უპასუხებდა ყველა შეკითხვას. ასევე, დაასახელა ასეთი ფორმატის რისკები და საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკასთან შეუსაბამობა, მაგრამ რაც მერე ვნახეთ, ოპოზიციის ისტერია, მათი ქცევა, ვნახეთ თუ როგორი ინტერვენციები ჰქონდათ და რა რეპლიკებს ისროდნენ ამ სხდომაზე. პრაქტიკულად მათ ეს სხდომა არიეს, გამოიყვანეს ყოველგვარი საქმიანი ფორმატიდან და რეალურად, ამ სამ ბანკირს, არ მიეცათ საშუალება რომ თავისი პოზიციები გამოეხატათ. ამ ქალბატონებმა და ბატონებმა მოახერხეს ის, რომ ჩვენი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, რომან კაკულიაც გამოიყვანეს მდგომარეობიდან და მას, პრაქტიკულად, არ მისცეს კომიტეტის სხდომის ჩატარების საშუალება, ისე როგორც ეს იყო თავიდან დაგეგმილი” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევა ახალი რეგლამენტით მოხდა.

„ ეს არის ზუსტად ახალი რეგლამენტი რომელიც საშუალებას აძლევს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს რომ კომიტეტის ფორმატში მოიწვიოს თანამდებობის პირი, დღეს ამბობდნენ,რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა საპარლამენტო ზედამხედველობაზე, რეგლამენტი ფეხქვეშ გათელა და პარლამენტის როლი დააკნინა. ამას ამბობს ხალხი, რომლებიც ერთი კვირის წინ ამავე რეგლამენტის ფარგლებში მოწვეულ მინისტრებს უსვამდნენ ყველაზე მწვავე შეკითხვებს ძალიან კარგად იყენებდნენ იმ შესაძლებლობებს ,რაც არის მინიჭებული რეგლამენტით” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები