„აძინოკი ვოლკ“ – რევაზ არველაძე ეკა ბესელიას მიმართავს
„არის ასეთი გამოთქმა – „აძინოკი ვოლკ,“ მარტო მაინც ძნელია მუშაობა. არ ვიცი, იმპიჩმენტს რამდენად მოახერხებს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ეკა ბესელიას განცხადებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს ეხება.
ამასთან, რევაზ არველაძე კოლეგებს მიმართავს და აცხადებს, რომ ვისაც მმართველი გუნდიდან წასვლა უნდა „ღმერთმა ხელი მოუმართოს“.
თავად, არველაძე აცხადებს, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება არ სურს.
„ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს და ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ასეთი არანაირი სურვილი არ გამჩენია. რამდენიმე კაცმა მასთან ერთად გააკეთა განცხადება გასვლის შესახებ და ექვსი მოგროვდება თუ არა, არ ვიცი. ისე, ალბათ, რაღაცა უნდა შექმნას რადგან წავიდა. არის ასეთი გამოთქმა – „აძინოკი ვოლკ,“ მარტო ძნელია მაინც მუშაობა. არ ვიცი, იმპიჩმენტს რამდენად მოახერხებს, მაგრამ შემოკრებით შესაძლებელია შემოიკრიბოს, არაფერი გამორიცხული არ არის,“ – განაცხადა რევაზ არველაძემ.
ცნობისათვის, გუშინ ეკა ბესელია გადაცემაში „არჩევანი“ სტუმრად იყო მიწვეული, სადაც მან განაცხადა, რომ პარლამენტში საკუთარი ფრაქციის შექმნას გეგმავს.
ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხი დააყენოს.