თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტში სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტში (FEMM) „გენდერული თანასწორობა საქართველოში” თემაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც “კვირას” პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, თავის გამოსვლაში თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება ხუთ ძირითად ასპექტზე გაამახვილა, ესენია: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და საქართველოში არსებული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე საუბრისას საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობას და თანმხლებ საკანონმდებლო ცვლილებებს გაესვა ხაზი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას და პრევენციის მექანიზმების შექმნა-გაძლიერებას. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნაა. სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის აქტიური მუშაობით საგრძნობლად გაიზარდა მიმართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. შეიქმნა ახალი რეგულაციები და მექანიზმები, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი – რისკების შეფასების მექანიზმი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა დისკრიმინაციაზე და გამოყო სექსუალური შევიწროების რეგულირების საკითხი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის გენდერული თანასწორობის საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოებას. მისი თქმით, საბჭომ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური კონსულტაციის შედეგად, მოამზადა და დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ, რომელიც საკომიტეტო მოსმენების ეტაპზეა. პაკეტი ახდენს სექსუალური შევიწროების დეფინიციას და აყალიბებს აღსრულების მნიშვნელოვან მექანიზმს.
თამარ ჩუგოშვილმა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე საუბარი საქართველოს ისტორიის გახსენებით დაიწყო და დამსწრეებს საქართველოს წარსულიდან მნიშვნელოვანი ფაქტები გაუზიარა, კერძოდ, 100 წლის წინ, როდესაც შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამფუძნებელი კრების წევრად 5 ქალი აირჩიეს, რაც იმ დროის მსოფლიოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან დიდ მიღწევად ითვლება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოებრიობას. პირველმა ვიცე-სპიკერმა ქვეყანაში ამჟამად არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა, კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების მხოლოდ 15% არის ქალი, რაც, მისი თქმით, მიუხედავად წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებისა, არის დაბალი მაჩვენებელი და სამუშაო ამ კუთხით ბევრია. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად მას გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღება ესახება. იდეას მხარს გენდერული თანასწორობის საბჭო უჭერს. კვოტების კანონპროექტს მისაღებად პარლამენტს ძალიან ცოტა ხმა დააკლდა, თუმცა, საბჭო კვლავ აპირებს აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას. მან ასევე გამოყო ის ფაქტიც, რომ მიუხედავად პარლამენტში 15%-იანი წარმომადგენლობისა, პარლამენტარი ქალები მნიშვნელოვან პოზიციებზე არიან.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობაზე საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ქალი პრეზიდენტის არჩევას, რაც მისი თქმით, რეგიონში პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევაა.
რაც შეეხება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ნაწილს, პირველმა ვიცე-სპიკერმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, კერძოდ: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019 წლის საქმიანობის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს: საბჭოს ფარგლებში შეიქმნება ორი თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლებიც გამოიკვლევენ: ქალთა მონაწილეობას სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო მუშაობს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, გენდერულ ბიუჯეტირებასა და გენდერული გავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციაზე.
გენდერული თანასწორობის საკითხებზე საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმებიც გააცნო დამსწრე საზოგადოებას: ისაუბრა აღმასრულებელ შტოში არსებულ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობებში ახლადშექმნილ მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის საბჭოებსა და საკანონმდებლო ორგანოში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოზე.
თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით საქართველოში ჩადებული დიდი რესურსისა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განხორციელებული არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიის წარმოებისთვის. ამასთან ერთად, პირველმა ვიცე-სპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წვლილი ქვეყნის მასშტაბით მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში და მათ მადლობა გადაუხადა უწყვეტი თანამშრომლობისთვის.