ილჰამ ალიევი: ყველა სფეროში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას დიდი პერსპექტივები გააჩნია

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველო – აზერბაიჯანი ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისათვის, არამედ კონტინენტისათვის.
ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ბაქოში, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერთობლივი პრესკონფერენცია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელზე აქცენტებიც საქართველოს პრეზიდენტთან და სახელმწიფო დელეგაციასთან შეხვედრებზე განიხილა.
,,ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ 90-იანი წლების ბოლოდან ბაქო- სუფსის აშენება დიდი მოვლენა იყო, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ კასპიის და შავი ზღვა ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა.
ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ეზრუმის გაზსადენი აშენდა. ეს ყველაფერი საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი ძალისხმევით განახორციელეს და დღეს ეს პროექტები აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას და ამ მარშრუტით დღეს სამხრეთ გაზის კორიდორი წარმატებით რეალიზდება.
ეს რეგიონში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია და სამხრეთ გაზის კორიდორის განხორციელება თითქმის სრულდება.
შარშან მოხდა მისი ოფიციალური გახსნა, მისი ძირითადი ნაწილით – ტანაპით, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე გადაეცა, უზრუნველყოფილი იქნება გაზის ტრანსპორტირება.
ეს პროექტები ჩვენი ქვეყნებისთვის, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.
თუ პროექტების დაწყების დროს სამი ქვეყანა თანამშრომლობდა, ამჟამად ჩვენ შემოგვიერთდნენ ახალი პარტნიორები.
დღეს დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასევე, ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობას. ეს ჩვენი მოლაპარაკებების საკითხია.
ამ პროექტებს მოაქვთ დიდი სარგებელი ჩვენი ქვეყნებისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, იზრდება ტვირთების გადაზიდვის მოცულობა. ჯერ პირველ ეტაპზე ვართ, მაგრამ უკვე ვხედავთ მის სარგებელს.ყ
ოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ აზერბაიჯანმა თავის მეზობლებთან, კასპიის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებებს და ამის შედეგად ტვირთბრუნვა უფრო მეტად გაიზრდება.
ეს ახალი კორიდორი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კონტინენტები გაერთიანდნენ და აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრადიციული მეგობრული ფორმატით გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.
რა თქმა უნდა, დღეს ყველა საკითხთან დაკავშირებით გვქონდა აზრთა გაცვლა, მათ შორის, ჰუმანიტარულ, კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით გვქონდა აზრთა გაცვლა.
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში.
აზერბაიჯანი და საქართველო მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყნებია და ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ხალხების წარმომადგენლები თავს გრძნობენ კომფორტულად და ეს ჩვენი ქვეყნების მომავალი და დღევანდელი განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მოხარული ვარ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი აზერბაიჯანში გაემგზავრება ჩვენს რეგიონში და შეხვდება ეთნიკურ ქართველებს. ეს, რა თქმა უნდა, მათთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. სხვა ხალხების წარმომადგენლებსაც გაუხარდებათ.დარწმუნებული ვარ, რომ გაეცნობით ამ რეგიონს და ის კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.
ერთი სიტყვით, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სფეროში ჩვენს თანამშრომლობას დიდი პერსპექტივები გააჩნია, გაგვაჩნია პოლიტიკური ნებაც.
საქართველო და აზერბაიჯანი ამის შემდეგაც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, ამის შემდეგ ახალი პროექტების თაობაზე ვიფიქრებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს კარგი მომავალი აქვთ და დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ურთიერთობისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები