ივანე მაჭავარიანი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. მხარეებმა ორ პარტნიორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური მხარდაჭერის მასშტაბებზეც აისახება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანმა სტუმარს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საგადასახადო და საბაჟო სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ამერიკული და საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მხარდაჭერაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით უწევს.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოს მთავრობას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორის პროცესში უწევს და აღნიშნა, რომ განათლების სფერო მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მზაობა გამოთქვა, გააგრძელოს ძალისხმევა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები