ხუციშვილი: უმრავლესობიდან პოლიტიკოსების გასვლა დანაკლისია, თუმცა პარლამენტის მუშაობისთვის ეს, შეიძლება, უკეთესიც იყოს
საპარლამენტო უმრავლესობიდან პოლიტიკოსების გასვლა დანაკლისია, თუმცა პარლამენტის მუშაობისთვის ეს, შეიძლება, უკეთესიც კი იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხუციშვილი „ქართულ ოცნებაში“ განვითარებულ პროცესებს და მმართველი გუნდიდან დეპუტატების წასვლას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკოსის გასვლა გუნდიდან დანაკლისია, მე ამას ასე ვუყურებ.
თუ გუნდიდან გასული დეპუტატები იფიქრებენ ფრაქციის შექმნაზე, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ამ პლურალიზმში ყოველთვის მუშაობა უფრო საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულია.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არის დანაკლისი, თუმცა პარლამენტის მუშაობისთვის ეს, შეიძლება, უკეთესიც კი იყოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ეკა ბესელიამ, გედი ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვეს.
თამუნა შეყილაძე