საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
“ზაგულბას” საპრეზიდენტო სასახლეში, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე, მხარეებმა საქართველო – აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივ ურთიერთობების მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, რომელთანაც თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაკავშირებს, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია.
“ჩვენი ქვეყნების მეგობრობას დიდი ისტორია აქვს, ძალიან ბევრი ტრადიცია გვაკავშირებს და ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ცხოვრება ერთად.
100 წლის წინ, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და რას ნიშნავდა განვლილი მძიმე წლები, რომლის წნეხიც ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება.
​ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი, ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც ერთის მხრივ, ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფოები, ეკონომიკა განვავითაროთ და ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ. ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება.
ჩვენ არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც ბევრი გვაქვს სასაუბრო. ვიმყოფებით რეგიონში, რომელსაც დიდი პერსპექტივები გააჩნია, ჩვენ ერთად განვახორციელეთ ბევრი პროექტი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებული ფორმატით მიმდინარე შეხვედრაზე.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს.
“​ჩვენ პირისპირ შეხვედრაზე რეგიონული პრობლემები განვიხილეთ, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ჩვენ ერთად მრავალი საკითხი მოვაგვარეთ. აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეგობრები და მოძმე ქვეყნები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლურ ატმოსფეროში მუშაობდნენ.
დღეს ვითარდება ჩვენი ურთიერთობები, ერთობლივად ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და კონტინენტისთვის”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები