დავით ზალკალიანი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა, ფრანსის გარიმ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გამტკიცების მხრივ გატარებული წარმატებული რეფორმები და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დავით ზალკალიანმა ინტელექტუალური სფეროს პრიორიტეტულობას ხაზი გაუსვა და გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა მისი პირადი ჩართულობისთვის საქართველოში რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში.
აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში და ამ საკითხებზე ,,საქპატენტის” ეფექტური მუშაობით აქტიურად მოხერხდა შეთანხმების იმპლემენტაცია.
განსაკუთრებულად გამოიყო ორგანიზაციასთან წარმატებული თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სტრატეგიის, საქართველოს გეოგრაფიული მაჩვენებლების დაცვის და ამ სფეროში სხვადასხვა ინოვაციების დანერგვის კუთხით.
შეხვედრა მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთანნ ქალაქ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სეგმენტის ფარგლებში გაიმართა.