იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუკის დამახინჯება დასჯადი ხდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომლის მიხედვით, საქართველოს რუკის სხვადასხვა ფორმით დამახინჯება დასჯადი ხდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოს  რუკა სხვადასხვა ფორმით მახინჯდება, რაც  ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა.

„ჩვენ ამ პროპაგანდას უნდა შევეწინააღმდეგოთ. ამიტომ, ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტით დასჯადი ხდება საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით დაბეჭდვა, გავრცელება, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, სხვადასხვა ნივთებზე გამოხატვა და ა.შ. ამ პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, პრევენციულად მოვახდინოთ გავლენა იმ არასწორ პროცესზე, რომ ასეთი სახით არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამახინჯება და მეორე მხრივ კი, ამ რუსულ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ ადეკვატური ქმედებებით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დასჯადი იქნება”,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტის შემუშავებისას გაზიარებული იქნა ის მიდგომა და ნორმა, რაც გათვალისწინებულია დროშის შეურაცხყოფის შემთხვევაში ქართული კანონმდებლობით.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის სხვა კომიტეტების სხდომებზე  განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების, მთავრობის წინადადებების და ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით, პროექტის პირველადმა რედაქციამ განიცადა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება,  რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოსტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით – ისჯება ჯარიმით ანთავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის, იურიდიულ პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით”.

კომიტეტის წევრებმა  წარმოდგენილი ცვლილებების პრინციპები გაიზიარეს და სხდომაზე გამოთქმული დათქმის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში დგინდება გამონაკლისები, ფართოვდება იმ დანაშაულების წრე, რომელზეც, მიუხედავად დანაშულის კატეგორიისა, დაშვებული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

„ამ შემთხვევაში ნაგულისხმებია სამოხელეო დანაშაულები, რაც განპირობებულია ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და მეორე მხრივ, ეს გააქტიურებს და უფრო ეფექტიანს გახდის ბრძოლას კორუფციულ  სამართალდარღვევებთან”,-აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე,  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი სამი ხელშეკრულება განიხილა, კერძოდ:

  • „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმება;
  • „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმება;
  • „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმება.

მომხსენებლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნანა ბერიძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებები მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი ან წარმოქმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვას. ეს შეთანხმებები განსაზღვრავენ მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის პრინციპებს და ქმნიან ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის სამართლებრივ საფუძვლებს.

„შეთანხმებების მიზანია თანამედროვე გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების მოსახდენად პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის მოქნილი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა”,-განაცხადა ნანა ბერიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლმენტის მიერ საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები